მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

23 მაისი 2019, 11:44 1347 ნახვა

ჭიათურაში მაღაროელები მეშვიდე დღეა შიმშილობენ. ისინი ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.  

ჯორჯიან მანგანეზში დასაქმებულები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან პასუხს დღის ბოლომდე ელოდებიან. მათი თქმით, თუ ხელფასები 50%-ით არ გაიზრდება პროტესტის უკიდურეს ფორმას ისევ მიმართავენ და ყოველ დღე, პირს თითო მაღაროელი ამოიკერავს.  

მაღაროელები ყვებიან, რომ მუშაობა რთულ პირობებში უწევთ, ამიტომ აუცილებელია შრომითი და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაც. 

"მოგვხედოს სახელმწიფომ, ამის იმედი გვაქვს ყველას... თორემ ესენი საერთოდ არაფრის გამკეთებლები არ არიან და ჩვენი სიცოცხლის ფასად გვევაჭრებიან," - ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი. 

აქციის მონაწილეების თქმით ჭიათურაში ეკოლოგიური კუთხით მძიმე ვითარებაა. 

''ჭიათურა არ იმსახურებს ჩამქრალ ქალაქად ყოფნას, აქ უნდა იყოს სიცოცხლე და ამისთვის ყველა ერთად ვიბრძოლებთ. ბავშვები არ მოგვიწამლონ და ცოცხლად არ მოგვიკლან. ეკოლოგიური კუთხით საშინელი მდგომარეობაა'' - 

კომპანია ჯორჯიან მანგანეზში კი ამბობენ, რომ მოთხოვნების ნაწილი არარეალურია და გაფიცულებს სასამართლოში უჩივლებს. კომპანიის ფინანსური დირექტორის განცხადებით, მაღაროელებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები, რადგან მანგანეზს გაფიცვის შესახებ წინასწარ არ მიაწოდეს ინფორმაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში