ბათუმის ბულვარის ნაწილში ელექტრომობილებს აბრუნებენ

24 მაისი 2019, 10:35 3246 ნახვა

ბათუმის საკრებულოში დღეს დეპუტატები "ქართული ოცნების" ინიციატივას განიხილავენ, რომელიც ზღვისპირა პარკის ახალ ნაწილში, ელექტრომობილებისა და კვადროციკლების მოძრაობას  კიდევ 7 თვით დაუშვებს. 

2019 წლის 5 მარტს, ბათუმის საკრებულომ, ბულვარის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე  ელექტრომობილების გადაადგილება 1 მაისიდან აკრძალა. 

ბათუმის ბულვარი ამ ინიციატივას შს სამინისტროს მონაცემებისა და მოქალაქეების საჩივრებით ამყარებდა და ამბობდა, რომ 1200-მდე ელექტრომობილის მოძრაობა ტურისტებით გადატვირთულ ზღვისპირა პარკში, ადამიანების ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს. 

ხშირია შემთხვევები, როცა ელექტრომობილებით მოძრავი ტურისტები მოქალაქეებს ეჯახებოდნენ, ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შსს აღძრულია 150-მდე სისხლის სამართლის საქმეც, როცა ავარიული სიტუაციის შედეგად, მოქალაქემ მძიმე დაზიანებები მიიღო.   

ადგილობრივი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ელექტრომობილების მეპატრონეებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. იყო გამოყენებული პროტესტის უკიდურესი ფორმა - შიმშილობაც. მოქალაქეებმა ჯერ ადგილობრივ ხელისუფლებას, შემდეგ კი ცენტრალურ ხელისუფლებას მოსთხოვეს, ერთი საზაფხულო სეზონი კიდევ მიეცათ უფლება მუშაობის. ამტკიცებდნენ, რომ ელექტრომობილები სესხით შეიძინეს და მისი დაფარვის საშუალება უნდა მიეცათ. 

ისინი ხელისუფლებას, სიჩქარეების რეგულირებას და ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ელექტრომობილების 1200-დან 300-მდე შემცირებას ჰპირდებოდნენ. 

აქციები მას შემდეგ დაიშალა, რაც ბულვარის ადმინისტრაციამ და მთავრობამ ნაწილობრივ შეცვალა პოზიცია და ელექტრომობილების მოძრაობა, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაუშვა. 

დღეს, 24 მაისს, ბათუმის საკრებულო ბულვარის ტერიტორიის ნაწილზე (დელფინარიუმიდან ახალი ბულვარის მიმართულებით) კვადროციკლების მოძრაობის დროებით დაშვებას უყრის კენჭს

ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის, რომლესაც საკრებულოში უმრაველესობა ჰყავს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში