''ჩვენ გჭირდება ჩამოყალიბებული პოლიტიკა ოკუპაციასთან მიმართებაში" - მესამე სექტორი

26 მაისი 2019, 16:05 1821 ნახვა

„ ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, იმდენად დიდი იყო მედიის და სამოქალაქო სექტორის მხრიდან, მოქალაქეების მხრიდან უპირველეს ყოვლისა რეაგირება ამ მწვავე საკითხზე, რომ მთავრობის თავმჯდომარეს სხვა ნაბიჯი გადასადგმელი არ რჩებოდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს ღონისძიებებზე მონაწილეობას იღებენ რუსეთის დელეგაციები. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ინგა შამილიშვილის მოადგილის კომენტარიც, რომ თურმე ეს ყოფილა პროვოკაცია, მაგრამ საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში. იმიტომ, რომ დავინახეთ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვებ გვერდზე და ასევე ფეისბუქ გვერდზე როგორ არის გამოქვეყნებული დელეგაციების სია, ამ სიაში არის რუსეთის დელეგაციაც. ხალხის ჩამოყვანის თემა იყო შეთანხმებული ამბავი და შესაბამისად, ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას ვერც მივიღებდით.

 მე საზოგადოებას იმასაც შევახსენებ, რომ სხვდასხვა თემით როგორ ცდილობენ რუსეთიდან ჩამოსული დელეგაციები იმ იდეის კულტივირებას, რომ თურმე რუსეთი ოკუპანტი არ არის, დღესაც ეს მოვისმინეთ ჩვენ მათი ანსამბლის ხელმძღვანელისგან და ეს აბსოლიტურად მიუღებელია, გაუგონარი უტიფრობა და სირცხვილია, როდესაც აჭარის ტერიტორიაზე, ბათუმში, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, ჩვენ ვხედავთ ოკუპანტი ქვეყნის დროშების ფრიალს, ვხედავთ იმ განაცხადს, რომ თურმე რუსეთი ოკუპანტი არ არის. ეს არის ძალინ დამღუპველი ტენდენცია, მე იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით იქნება დასაწყისი და არავითარ შემთხვევაში არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ საკადრო გადაწყვეტილებით.

ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკაა თავიდან ბოლომდე გადასახედი ასეთი ღონისძიებების დაგეგმვის დროს. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ გარკვეულ კულტურულ ურთიერთობებზე, მაგრამ როდესაც სახელმწიფო აღნიშნავს ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს, ეს ეხება ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას, ამ დროს კი, ვისგან გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, თუნდაც 101 წლის წინ ან 1991 წელს, ცარისტული რუსეთისა და შემდგომ საბჭოთა კავშირისგან, დღეს უტიფრად გვიფრიალებენ რუსეთის დროშას, მონაწილეები რასიას გაიძახიან ბათუმის ქუჩებში, ეს მართლა სამარცხვინოა და ეს აღკვეთილი უნდა ყოფილიყო მე ვიტყოდი, რომ აჭარის მთავრობას დააკლდა პრევენციული ღონისძიებები და არ გაითვალისწინა ის, რომ დელეგაციას აუცილებლად ექნებოდა სურვილი გამოეფინა საკუთარი დროშა.

ეს პრევენციული ღონისძიებები იყო ძალიან დიდი ხნის წინ გასატარებელი, დიდი ხნით ადრე უნდა დაწყებულიყო მუშაობა იმაზე, რომ მაგალითად როცა ტარდება მასშტაბური საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, რუსეთის დელეგაცია არ უნდა ურიგებდეს სხვა ქვეყნის დელეგაციებს ისეთ რუკას, სადაც სამაჩაბლო და აფხაზეთი არ არის საქართველოს ტერიტორიის საზღვრებში. ამის საპასუხოდ დავინახეთ თავმჯდომარისგან, როგორ აჩუქა მან სუვერენული საქართველოს დროშა რუსეთის დელეგაციას , მაგრამ ეს იყო პოსტ ფაქტუმ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ გვჭირდება პრევენციული ღონისძიებები და მყარად ჩამოყალიბებული პოლიტიკა ოკუპაციასთან დაკავშირებით“ -განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა მალხაზ ჭკადუამ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში