"მინისტრი სწორად მოხსნა, თუმცა უწყებაში გაფლანგულ მილიონებს და მის პრორუსს მოადგილეებს გადახედოს" - ენმ

27 მაისი 2019, 12:26 3129 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეიკრიბნენ და რეგიონში მიმდინარე პროექტების დოკუმენტები მიიტანეს, სადაც, მათი მტკიცებით, საეჭვო გარემოებები იკვეთება და შესაძლოა კორუფციულ გარიგებებს ჰქონდეს ადგილი. 

მთავრობის სახლთან შეკრებილმა პარტიის წევრებმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე კორუმპირებული ჩინოვნიკების მფარველობაში დაადანაშაულეს.   

"თორნიკე რიჟვაძის მიერ, 2 კვირის წინ გაკეთებული განცხადება, კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, დანაპირებად დარჩა," - განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა მიშა ბოლქვაძემ.

ამტკიცებს, რომ აჭარის მთავრობას, ხელვაჩაურში მიმდინარე პროექტებზე, კორუფციის შესაძლო ფაქტებზე გამოძიებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. ამბობენ, რომ ეს ფაქტი თორნიკე რიჟვაძის გარიგებაში ჩართვის ეჭვს აჩენს.

ენმ-ს წევრი, რეზო ხარაზი კი თორნიკე რიჟვაძეს განათლების მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილებას უწონებს, თუმცა ურჩევს ყოფილი მინისტრის მოადგილეებით დაინტერესდეს. 

"მინდა ვუთხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, რომ განათლების მინისტრი სწორად მოხსნა. თუმცა, განათლების სამინისტროში გაფლანგული და შეჭმული მილიონობით ლარის შესახებ უნდა დაიწყოს გამოკვლევა.  მაგალითად, ინგა შამილიშვილის პერიოდში, ლადო მგალობლიშვილთან ერთად, კაპიტალურად გაარემონტეს ქობულეთის სოფელ კვირიკეში საჯარო სკოლა, რომელიც პრაქტიკულად იშლება, ჭერი ჩამოენგრა. ხულოში უმძიმესი მდგომარეობაა სკოლებში, ეს სულ ამ მინისტრის და მისი მოადგილეების ბრალია. 

ასევე, მინდა გადახედოთ მინისტრის მოადგილეებს ფბ გვერდებს, ისინი პრორუსული კი არ არიან, რუსები არიან პირდაპირ. დაინტერესდნენ არა მხოლოდ ინგა შამილიშვილით, მისი მოადგილეებით და იმ კორუფციით და გაფლანგული ფულით, რაც ამ პერიოდში ფიქსირდება" - განაცხადა რეზო ხარაზმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში