"იყო მცდელობა სტუდენტისა და ლექტორის საკითხი მანიპულაციის საგანი გამხდარიყო" - ზაზა პაპიძე

29 მაისი 2019, 12:00 2687 ნახვა

„იყო მცდელობა სტუდენტისა და ლექტორის საკითხი მანიპულაციის საგანი გამხდარიყო გარკვეული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  მხრიდან'' - ამის შესახებ ადვოკატმა ზაზა პაპიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ის იცავს იმ სტუდენტის სამართლებრივ ინტერესებს, რომელმაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო  უნივერსიტეტის უკვე ყოფილი ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ადვოკატს არ დაუკონკრეტებია თუ რაში გამოიხატებოდა თემით  მანიპულაციის მცდელობა, თუმცა ამბობს, რომ სტუდენტმა ამის შესახებ პირად საუბრებში განუცხადა.

ზაზა პაპიძის განცხადებით სწორედ ამ მიზეზით აიყვანა სტუდენტმა კერძო ადვოკატი და არ მისცა პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციას მათ სასარგებლოდ გამოეყენებინათ ეს თემა. ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და  არსებობს სხვა მტკიცებულებები ლექტორის წინააღმდეგ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის კი, გაუგებარია მოტივი რატომ თქვა სტუდენტმა უარი მათ შეთავაზებაზე, რომ დაეცვა ორგანიზაციას მისი ინტერესები. რაც შეეხება ადვოკატის დღევანდელ განცხადებას, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ასევე გაუგებარია რას გულისხმობს ადვოკატი  თემით მანიპულაციის მცდელობაში.

ორგანიზაცია ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოგვინებით გამოეხმაურება.  რაც შეეხება ლექტორს რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ჩვენი ინფორმაციით, ომარ მახარაძე საქართველოში დაბრუნდა , მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ომარ მახარაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინარულმა კომისიამ, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის მიმართ გადაწყვეტილება ერთხმად გუშინ მიიღო.  საბჭოს წევრებმა ლექტორს ეთიკური სტანდარტების დარღვევა დაუდგინეს. მანამდე სალექციო საქმიანობა  მახარაძეს  ერთი კვირის წინ შეუჩერეს,  კომისიის სხდომას ომარ მახარაძე არ დასწრებია.  ლექტორის გარდა მახარაძე საკრებულოს წევრიც იყო. დეპუტატმა  იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა და  ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგები უკვე დატოვა.  თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ''სტუდენტის საქმეზე'' გამოძიება 150-ე „იძულების“ მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მუხლი დაუმძიმა. სამართალდამცველები ამ ეტაპზე საკითხს, „სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების მუხლით იძიებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში