მიზეზი რატომ გამათავისუფლეს სამსახურიდან ჩემთვის უცნობია - აჭარის მუზეუმის ყოფილი დირექტორი

29 მაისი 2019, 15:00 2369 ნახვა

თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ პირველ შეფასებას აკეთებს თამარ ორაგველიძე. აჭარის მუზეუმის ყოფილი დირექტორი  ამბობს, რომ ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში არ მიუღია არავითარი შენიშვნა და ეს გადაწყვეტილება იყო მისთვის მოულოდნელი. მიზეზი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მისთვის უცნობია.  თამარ ორაგველიძე ამბობს, რომ ბრძანებაში არ წერია მოტივი თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას, ის ვერც პოლიტიკურ მოტივს ვერ უკავშირებს.


აჭარის განათლების  სამინისტროში ამბობენ, რომ აჭარის მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება  მინისტრის  მოვალეობის შემსრულებლის ბაგრატ მანველიძის გადაწყვეტილება იყო. უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც  თამარ ორაგველიძის გათავისუფლების  მიზეზებთან დაკავშირებით არ საუბრობენ.  განცხადებაში ნათქვამია, რომ სამუზეუმო საქმიანობა ითხოვს მუდმივ განვითარებას და სწორედ ამ მიზეზით უწყებამ მუზეუმის მენეჯმენტის შეცვლა გადაწყვიტა.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.  თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ეს იყო კონკრეტული სამინიტროს გადაწყვეტილება. მისივე ინფორმაციით ხარვეზები სამუზეუმო სფეროში  იყო და არ გამორიცხავს საკადრო ცვლილებებს სხვა უწყებებსა და სამსახურებში. 

თამარ ორაგველიძე აჭარის მუზეუმს ერთი წლის განმავლობაში ხელომძღვანელობდა. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მან დღეს მიიღო.  უცნობია ვინ დაიკავებს მის პოსტს. ახალი დირექტორის დანიშვნამდე  მოვალეობას მოადგილე შეასრულებს.  ახალ კანდიდატს კონსულტაციების შემდეგ წარადგენენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში