თანამდებობა არ არის გარანტია და პრივილეგია - აჭარის მთავრობა სპეცოპერაციაზე

30 მაისი 2019, 17:21 4878 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, დღეს ბათუმში დაკავებული 7 ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის საკითხზე განმარტებას აკეთებს. ამბობს, რომ თანამდებობა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გარანტია არ არის, თუმცა მოუწოდებს ყველას დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმცია. 

"მე კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თანამდებობა არ არის გარანტია და პრივილეგია ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ვერავინ ვერ სარგებლობს ხელშეუხებლობით. თუმცა, ამავე დროს უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმცია და დაველოდოთ გამოძიების შედეგბს, ისე რომ ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

უკავშირდებოდა თუ არა ეს სპეცოპერაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 30 აპრილის განცხადებას, სადაც  კორუფციასთან ბრძოლა და თანამდებობებიდან კონკრეტული პირების გათავისუფლება დაანონსა, თორნიკე რიჟვაძე არ პასუხობს. ამბობს, რომ ზოგადად შეურიგებელია ხელისუფლება კორუფციასთან. 

თანამშრომლობდა თუ არა ამ საკითხზე გამოძიებასთან უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე პასუხობს, რომ "ჩვენ ვთანამშრომლობთ ანტიკორუფციულ სამსახურთან ისე, რომ არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმცია". 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში