მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული შვიდივე მაღალჩინოსანი პატიმრობაში რჩება

01 ივნისი 2019, 23:51 10872 ნახვა

ბათუმის მერიის ყოფილი თანამდებობის პირები, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

მოსამართლე ლევან გელოვანი 2 საათის განმავლობაში იღებდა გადაწყვეტილებას, საბოლოოდ შვიდივე მაღალჩინოსანი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებას, სასამართლო დარბაზში ხმაური და პროტესტი მოჰყვა. დაკავებული პირების ახლობლებმა გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს. 

პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას მოითხოვდა. პროკურორი რამაზ შავაძე მოსალოდნელ რისკებზე და საფრთხეებზე საუბრობდა. ასევე აღნიშნა, რომ გიორგი ერმაკოვის, ეგასლარ ლომაძისა და არჩილ ვანაძის მიმართ, კიდევ ერთ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. რას ეხება პარალელური გამოძიება, არ დააკონკრეტა.

შვიდი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 31 მაისს დააკავა. ბათუმის მერიის 4 თანამშრომელს, მთავრობის ორ წევრს და ბათუმის ყოფილი მერს, გამოძიება თანხების გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. 

პროკურატურის ვერსიით, დაკავებულებმა  მუნიციპალური პროექტის - "იაფის სახლის" ტენდერში, 2015 წელს, კომპანიას უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა და გაფლანგეს მილიონ 300 ათას ლარზე მეტი.  

დაკავების შემდეგ, საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დააგვიანა რეაგირება საგამოძიებო უწყებამ მაშინ, როცა ჯერ კიდევ გასულ წელს, აუდიტის სამსახურმა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა "იაფ სახლთან" დაკავშირებით მასალები.

2016 წლის  აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ მილიონ 430 ათას 342 ლარის ზიანი“.

ამასთან, აუდიტის მიხედვით, ბრიტანული ბანკი, რომელიც „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გარანტორი იყო, როგორც აღმოჩნდა, სამეწარმეო საქმიანობას საერთოდ არ ეწეოდა და, შესაბამისად, არც შემოსავლები ჰქონდა. აუდიტის დასკვნამდე, ჯერ კიდევ 2015 წელს, რისკებზე საუბარი იყო, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში