აჭარის განათლების მინისტრად მაია ხაჯიშვილი ინიშნება

03 ივნისი 2019, 11:45 12407 ნახვა

აჭარის განათლების, კულუტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი იქნება - ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მთავრობის პრესამსახურში დაუდასტურეს. 

მაია ხაჯიშვილის თანამდებობაზე  დანიშვნის შესახებ, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთი კვირის წინ გაიგო, თუმცა კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. 

ამ დრომდე მაია ხაჯიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად მუშაობდა. 2005 წლიდან განათლების სამინისტროში იურიდიული სამსახურის უფროსი იყო,  ასევე ამავე უწყებაში შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.  

განათლების სამინისტროდან, აჭარის უნაღლეს საბჭოში 2017 წელს გადავიდა, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გახდა. 

ახალ მინისტრს  თანამშრომლებს განათლების სამინისტროში დღესვე წარუდგენენ.    

აჭარის განათლების მინისტრის პოზიცია ვაკანტური 26 მაისს გახდა. მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქში ''რუსული დროშების ფრიალის'' გამო, ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენა. 

მინისტრის მოვალეობას დროებით ბაგრატ მანველიძე ასრულებდა, რომელიც სამართალდამცველებმა 30 მაისს დააკავეს. 

თორნიკე რიჟვაძემ მოგვიანებით განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ალექსანდრე დავითაძე დანიშნა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში