"მოსახლეობასთან ახლოს" - მთავრობის მოტივი, თუ რატომ უნდა გადმოვიდეს უმაღლესი საბჭო ბათუმში

03 ივნისი 2019, 13:37 5235 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ჩაქვიდან ბათუმში გადმოყვანის იდეა, საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ემსახურება. 

"ჩვენი გუნდის ხედვაა, რომ მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ მოსახლეობასთან და ეს გულისხმობს ინფრასტრუქტურულად ახლოს ყოფნასაც, კონსულტაციებიც ამ სულისკვეთებას ემსახურება" - ეს განცხადება თორნიკე რიჟვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ბათუმში გადმოტანის შესახებ გააკეთა. 

საკანონმდებლო ორგანოს ჩაქვიდან გადმოსვლის შესახებ საკითხი, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უნივერსიტეტმა შენობა თითქმის გაათავისუფლა და იგი პრაქტიკულად უფუნქციოა. 

"ხელოვნების უნივერსიტეტი" ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე გადადის, ყოფილი პედაგოგიური კოლეჯის შენობა უკვე გარემონტდა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. აჭარის საკანონმდებლო ორგანო, ჩაქვის ტერიტორიიდან ბათუმში გადმოსვლის საკითხს, წლებია ლობირებს. ჯერ კიდევ წინა მოწვევის დეპუტაცია და თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე აცხადებდნენ, რომ ჩაქვში მუშაობა მათთვის არაკომფორტული იყო და ორმაგ ხარჯებს უკავშირდებოდა.

აჭარის უმაღლესი საბჭო ჩაქვში, ყოფილი სამშობიარო სახლის შენობაში 2012 წლის 1 იანვრიდან  გადავიდა. მანამდე საკანონმდებლო ორგანო ზვიად გამსახურდიას 8 ნომერში მდებარეობდა.  უმაღლესი საბჭოს მაღალსართულიანი შენობის დემონტაჟი მოხდა, ტერიტორია გასხვისდა და სასტუმრო აიგო.  

 

ლანა ძაძამია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში