გაეროში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა სტატუსზე რეზოლუცია მიიღეს

05 ივნისი 2019, 08:48 1418 ნახვა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი 79-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი 15 წავიდა.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად – საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

''რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს'' - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში