76 638 ათასი ლარის ღირებულების მონუმენტს მერია შლის

06 ივნისი 2019, 18:39 5483 ნახვა

ბათუმში, გმირთა ხეივანში აღმართული ე.წ. ყინულის შადრევანი, რომელიც ბათუმს 76 638 ლარი დაუჯდა, იმდენად დაზიანებულია, რომ იშლება.

იუსტიციის სახლთან მდებარე მონუმენტიდან, მინის კონსტრუქციები ტყდება და ცვივა, ნაწილი ჩამოშლილია. არ მუშაობს შადრევანის განათება და მონუმენტის ირგვლივ განთავსებული აუზი, ნაგავსაყრელადაა ქცეული. 

ჩამოშლილი მინის კონსტრუქციების ნაწილი სწორედ ამ აუზში გროვდება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ყრია. 5 ივნისს გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მისი გაწმენდა არც თუ ისე ხშირად ხდება.

„ყინულის შადრევნის“ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო. უწყებაში გვარწმუნებენ, რომ აუზის გაწმენდას ერიდებიან, რადგან თანამშრომლებისთვის იქ მუშაობა უსაფრთხო არ არის და მოქალაქეებიც ნაკლებად დადიან. 

"ჩვენ სისტემატურად ვწმენდთ ქალაქის მასშტაბით არსებულ აუზებს, მაგრამ, რადგან იქ უსაფრთხოების ნორმები ვერ იქნა დაცული, შედარებით ნაკლები სიხშირით იწმინდება, ვიდრე სხვა შადრევნები. ამას ემატება ისიც, რომ საზოგადოება ნაკლებად მიდის მაგ ადგილას" -  გვითხრა ნათია ზოსიძემ, რომელიც სამმართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ცნობილი გახდა, რომ შადრევნის რეაბილიტაცია, რომელიც ანონსდებოდა გასულ წელს, არ იგეგმება.  სამმართველო მონუმენტის დემონტაჟს გეგმავს - "მის ნაცვლად შადრევანი იქნება, თუმცა იგივე სახით არა" - გვითხრეს უწყებაში.

რატომ გახდა აუცილებელი კონსტრუქციის დემონტაჟი, რომელშიც 2010 წელს მერიამ ათობით ათასი გადაიხადა ? 

სამმართველოში გვპასუხობენ, რომ დაზიანებული მონუმენტი სახიფათოა მოქალაქეებისთვის და ამიტომ,პროექტის ავტორებთან ერთად, ახალ ესკიზზე მუშაობენ.

"მიმდინარეობს პროექტის ავტორებთან ერთად ახალი ტიპის შადრევნის პროექტზე მუშაობა, რომელიც მეტად მყარი იქნება და ასე ხშირად შეკეთება არ დასჭირდება.  ვმუშაობთ, თუ როგორ ჩანაცვლდეს ახალი, მეტად მყარი და ეფექტური კონსტრუქციით".

რა დაჯდება ახალი შადრევანი და როდის იგეგმება ჩანაცვლება - ამ კითხვებზე პასუხი ამ ეტაპზე უწყებას არ აქვს. ამბობენ, რომ პროექტის შემუშავებამდე ღირებულებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ირწმუნებიან რომ ჩანაცვლების პროცესი მალე დაიწყება. 

"ყინულის შადრევანი" 2010 წელს, ესპანელების მიერ  შემუშავებული პროექტის მიხედვით  აშენდა და ბიუჯეტიდან  76 638 ლარი დაიხარჯა.

ლანა ძაძამია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში