''მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან'' - გიორგი მარგველაშვილი

09 ივნისი 2019, 10:49 3785 ნახვა

მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა, - ეს განცხადება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო კამპანიაზე და განაცხადა, რომ ოპოზიციონერი კანდიდატის წინააღმდეგ ბინძური კამპანია მიმდინარეობდა.

“მე ხმა მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები გამორჩეული და დაფასებული უნდა იყვნენ და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, პოლიტიკაში ჩვენ გვეყოლებიან თოჯინები, რომლებიც არა თავისუფალ პოზიციას და თავის აზრს დააფიქსირებენ, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ.

მე მაქვს იმედი, რომ მთაწმინდის ამომრჩეველი პასუხს გასცემს იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რომელიც ერთ-ერთი ჩვენთაგანის, ჩვენი თანამებრძოლის, მართლა გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იქნა ნაწარმოები. არ შეიძლება საზოგადოებამ მოითმინოს როდესაც იმ ადამიანს, რომელიც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, ასე ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ. მას კი არ აყენებენ შეურაცხყოფას, ჩვენ გვაყენებენ იმის განცდით, რომ ჩვენ ყველაფერს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ. მე მჯერა, რომ მთაწმინდელები თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მთაწმინდის ოლქში დღეს შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად  “ევროპული საქართველო” - “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი შალვა შავგულიძე და “ქართული ოცნების” კანდიდატი ლადო კახიძე იბრძვიან.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში