ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

09 ივნისი 2019, 21:13 4619 ნახვა

ე.წ საპარლამენტო არჩევნებია დღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონშიც. საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

ასეთი „არჩევნები“ არის სიყალბე და არის იმის გაგრძელება, რასაც ოკუპაცია ჰქვია, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა,რომ ამ ე.წ. არჩევნებს რაიმე მნიშვნელობას საქართველოს ხელისულება ვერ მიანიჭებს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერის ინფორმაციით, ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ე.წ. არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმშია გახსნილი. ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 11 ივნისამდე დაკეტეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში