გაუმართავი სახანძრო სისტემა და ვადაგასული პროდუქტები სკოლის სასადილოებში - მონიტორინგის შედეგები

10 ივნისი 2019, 18:26 2736 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივამ", ბათუმის 10 საჯარო სკოლაში, 1400-მდე მოსწავლე გამოკითხა. მათ ათქულიანი სისტემით სასწავლო დაწესებულებაში არსებული ვითარება უნდა შეეფასებინათ. მონიტორინგი 6 მიმართულებით ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ სკოლებში განსაკუთრებით მწვავედ დგას სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხი, ასევე არაადაპტირებული შენობების თემა. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ სკოლის სასადილოებში ვადაგასული პროდუქტებიც აღმოაჩინეს, პრობლემურია სველი წერტილების საკითხიც. 

გამოკითხული მოსწავლეების შეფასების მიხედვით, სკოლის სასადილოებმა, 10 ქულიან შკალაზე 6.4 ქულა დააგროვა. 

მოსწავლეების ყველა მაღალი 7.7 შეფასება კი გათბობა-ვენტილაციის საკითხს ჰქონდა. მოზარდები ფიქრობენ, რომ ეს საკითხი სასწავლო დაწესებულებებში მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. 

მოსწავლეებს კითხვები დაუსვეს, სკოლებში სპეც სივრცეებთან დაკავშირებითაც. მათ ყველაზე მეტად სააქტო დარბაზი და კომპიუტერული კლასი მოსწონთ, რომელსაც ჯამში 9.0 და 8.6 ქულით აფასებენ. 

კვლევის ავტორები, აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს მოუწოდებენ, მონიტორინგის შედეგებს გაეცნონ და მყისიერი რეაგირება ჰქონდეთ. 

''სკოლებში სახანძრო უსაფრთხოება ბუტაფორულია, ამორტიზებულია რეალურად. მონიტორინგის პროცესში გადაღებას ვაწარმოებდით, ამის დამადასტურებელი კადრებიც გვაქვს. მოსწავლეები უსაფრთხოების თვალსაზრისით რეალურად დაუცველები არიან. კვების ობიექტებიდან ამოვიღეთ ვადაგასული პროდუქტი. ბევრი შენიშვნებია შშმ პირთა ადაპტაციასთან დაკავშირებითაც, შენობები ადაპტირებული არ არის. რესურს ოთახები მესამე სართულზეა და მოსწავლეები ვერ იყენებენ. ჩვენ შევალთ განათლების სამინისტროში ინიციატივით, რომ მოვახდინოთ ამ პრობლემების ერთობლივად აღმოფხვრა'', - ამბობს „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ანზორ გუბაევი.

განათლების მინისტრის მაია ხაჯიშვილის განცხადებით, უწყების წარმომადგენლებს ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ. 

''ჯერ-ჯერობით ამ ინფორმაციას არ ვიცნობ, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, როგორიც არის სურსათის უვნებლობის სამსახური, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. არა მარტო ვთანამშრომლობთ და ვიზიარებთ მათ მითითებებს, რეკომენდაციებს, არამედ პერიოდულად ტარდება მასწავლებლების გადამზადება, იმისათვის რომ სკოლებში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს. თუ სადმე რაიმე ტიპის ხარვეზია ამაზე ბუნებრივი გვექნება შესაბამისი ადეკვატური რეაგირება. ზოგადად ეს საკითხი სამინისტროს პრიორიტეტებშია. ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს მაია ხაჯიშვილმა. 

 

 

ფოტო:არქივი

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში