რატომ არიან მეზობლები ძალადობის მიმართ გულგრილები? - ვინ მიმართავს ყველაზე ხშირად პოლიციას

22 ივლისი 2019, 00:01 2440 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შვილებზე სხვადასხვა ფორმით ძალადობაში 110 ადამიანი ამხილა. მათ შორის იყვნენ ბავშვის დედები, მამები ან მამინაცვლები. 

სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა სტატისტიკა, თუ ვინ შეატყობინა ბავშვების ცემის ან სხვა ტიპის ძალადობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს. აღმოჩნდა, რომ ძალიან დაბალია უცხო პირებისა და მეზობლების მიმართვიანობა, რაც სამინისტროს შეფასებით, მათ გულგრილობაზე მიუთითებს. 

მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, პოლიციაში ოჯახის დედამ ან ბებიამ დარეკა. 62 შემთხვევაში სწორედ ისინი იყვნენ საქმის აღძვრის ინიციატორები.  32 შემთხვევაში - სამართალდამცველებს თავად მსხვერპლი ბავშვი დაუკავშირდა. 

მხოლოდ 4 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ძალადობა შენიშნა ან გაიგონა მეზობელმა და გამოიძახა პოლიცია. 3 შემთხვევაში ბავშვზე ძალადობის შეტყობინება 112-ში მოქალაქემ დატოვა, რომელიც  ძალადობის ფაქტს შეესწრო. 

მხოლოდ 2 შემთხვევაში გახდა სამართალდამცველების გამოძახების ინიციატორი ბავშვის ნათესავი; 

რაც შეეხება საჯარო უწყებებს, ცხელ ხაზზე ორი შეტყობინება დატოვა საავადმყოფოს და სასწრაფო დახმარების ბრიგადის წარმომადგენელმა; 2 ფაქტი დააფიქსირა სკოლის მანდატურმა, ხოლო ერთი ძალადობის შემთხვევა სოციალური სამსახურის მუშაკმა;

სამინისტროში 1 შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა, ხოლო კიდევ ერთი ფაქტი სხვა პირმა დააფიქსირა.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ბავშვებზე ძალადობის მიმართ მგრძნობელობა დაბალია, რადგან მეზობლებისა და გარეშე პირთა მხრიდან იშვიათად ფიქსირდება შეტყობინებები. 

"კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს" - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურად განაგრძობენ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. "საზოგადოებას მეტი კოორდინაციისკენ და პოლიციის დროული ინფორმირებისკენ მოვუწოდებთ, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანთა მიმართ ნებისმიერი სახის დანაშაულის ჩადენა" - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში