ლგბტ საკითხზე სიტუაციის დაძაბვით რუსეთია დაინტერესებული - პრემიერ მინისტრი ლევან ვასაძის აქტივობებზე

17 ივნისი 2019, 14:48 2281 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების განცხადებები და ქმედებები შეაფასა. მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მისი აზრით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი მომხრეები, თემით სპეკულირებენ და პოლიტიკური დღის წესრიგს ხელოვნურად ძაბავენ. ფიქრობს, რომ ამით დაინტერესებულია ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს.

"მე მინდა, ჩემი როგორც მოქალაქის შთაბეჭდილება გითხრათ, ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი.

არ ვფიქრობ, რომ დღეს ეს თემა საქართველში პრობლემურია. ჩვენც ქვეყანაში მთავრი პრობლემა და გამოწვევა, დღეს ოკუპაცია და სიღარიბეა. ჯობია, მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ პრობლემებზე და მის გადაჭრაზე ორიენტირებული" - განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული ხელოვნურად დაიძაბოს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი, მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ რუსეთი. "ეს შეიძლება მხოლოდ იმ ძალების ინტერესებში იყოს, ვისაც სურთ არეულობის განცდა შემოიტანონ საზოგადოებაში, პირველ რიგში კი ის ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას" - თქვა პრემიერმა. 

მამუკა ბახტაძემ სამართლებრივადაც აფასებს განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ იგი პოლიტიკური განცხადებების იდენტურია. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით ადამიანებს აქვს გარანტირებული უფლებები და ხელისუფლება ნებისმიერი ჯგუფის ინტერესებს დაიცავს - დაიცავს კანონს. 

"ამ შემთხვევაში პოლიტიკური და სამართლებლივ შეფასება არის იდენტური. როცა არის ნიშნები და სამართალი ირღვევა, ბუნებრივია, მას მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოებში.  მოგეხსენებათ, რომ შსს შესაბამისი მუხლით დაიწო ამ საკითხის გამოძიება, ბუნებრივია იგივე მიდგომა იქნება სხვა საკითხის მიმართ, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს კანონის დარღვევის ნიშნები. 

​აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხს, რასაც მოჰყვა ეს ვნებათა ღელვა. საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, ის არის გარანტირებული კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობით - გამოხატვის თავისუფლებით. თუმცა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება დავიცვათ თითოეულის უსაფრთხოება.  

ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ჩვენ ვიხილეთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე, მე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს. მათ შეძლეს უმნიშვნელოვანესი ბალანსის დაცვა" - თქვა პრემიერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში