საქართველოს პარლამენტში მსგავსი შეცდომა აღარ, ვეღარ დაიშვება - მამუკა მდინარაძე

20 ივნისი 2019, 12:46 2228 ნახვა

''ქართული ოცნების'' ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დაშვებული შეცდომისთვის ორგანიზატორები პასუხს აგებენ, რადგან რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე არ უნდა დამჯდარიყო. 

დეპუტატი ამბობს, რომ პროტოკოლის მიხედვით სხდომა ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა, რაც ქართულ მხარესთან შეთანხმებული იყო. 

მდინარაძემ თქვა, რომ პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გააგრძელდება და ისინი ხვალ, სხვა სივრცეში იმუშავებენ.

''ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს, რომ გავრილოვი მოხვედრილიყო პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე პასუხი მოეთხოვება. უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია, როდესაც ვნახულობთ სურათს, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და ასე მიყავს სხდომა.  ეს იყო შეუთანხმებელი, სხდომა პროტოკოლის მიხედვით ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა, რომელიც ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანია. 

რატომ მოხდა ისე, რომ გავრილოვი აღმოჩნდა სხდომის წამყვანის პოზიციაზე, ამაში დეტალურად გავერკვევით და საკითხს მკაცრი რეაგირება მოჰყვება. 

სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და მან  გაბედა და წაიყვანა ეს სხდომა, საპარლამენტო გუნდის პოზიციისგან შეუთანხმებლად, ასამბლეა ვეღარ გაგრძელდება'' - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში