პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

21 ივნისი 2019, 15:24 2183 ნახვა

ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილება თავად მიიღო და თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ განცხადება ''ქართული ოცნების'' ოფისში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ გააკეთა.

პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ეს იყო იყო საზოგადოების წინაშე მარალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება. 

„საქართველოს პარლამენტში გამართული საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მძიმე სურათი შექმნა და საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია, რომლის სოლიდარულიც იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მისცა შესაბამისი, მკაცრი შეფასებები.

ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება. ამ ძალებს თავად აქვთ პასუხი გასაცემი, როგორც კანონის და საზოგადოების წინაშე იმ მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის, რომელსაც დილამდე ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში ქართული საზოგადოება.

ქართულმა პოლიციამ უმაღლესი თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში. ვითარებაში, როდესაც მიდიოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება, რომელიც ემუქრებოდა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგს. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური'' - თქვა კალაძემ. 

ირაკლი კობახიძეს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. 

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ 2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში