გარდამავალ პერიოდში ნულოვანის ნაცვლად, 3%-დან 5%-მდე ბარიერი უნდა იყოს - ISFED

24 ივნისი 2019, 17:28 1877 ნახვა

''სამართლიანი არჩევნები''  განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში  ფიქრობენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება კარგია, თუმცა ბარიერის გაუქმება რისკის შემცველია. 

''საარჩევნო ბარიერის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობის ძალიან მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიების მოხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, რაც სავარაუდოდ უარყოფითად აისახება პარლამენტის მუშაობის ეფექტურობაზე. პარლამენტში პარტიების არაგონივრულად დიდი რაოდენობის პირობებში შესაძლოა გართულდეს მთავრობის ფორმირება ან შეიქმნას პოლიტიკური კრიზისებისა და არასტაბილურობის საფრთხე.'' - წერია განცხადებაში. 

მათივე განმარტებით, გარდამავალ პერიოდში 3%-დან 5%-მდე საარჩევნო ბარიერის არსებობა აუცილებელია. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ხელისუფლებას მოუწოდებენ საკითხთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაინტერესებულ მხარეებთან იმსჯელონ. 

„სამართლიანი არჩევნები“ მზადყოფნას გამოთქვამს დისკუსიაში ჩაერთოს. 

''24 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ბარიერის გარეშე ჩატარების ინიციატივა გააცნო. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ქართული სამოქალაქო საზოგადოება აერაერთი წელია ითხოვს. ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივი ცვლილების მოთხოვნამ ფართო საზოგადოებრივი სახე მიიღო. ამ ფონზე, მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება არსებითია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ხმების მანდატებში პროპორციულად ასახვისა და სამართლიანი პოლიტიკური წარმომადგენლობისათვის. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ე.წ. „ნულოვანი“ ბარიერის დაწესების შესახებ ინიციატივა გარკვეული რისკების შემცველია.

გონივრული საარჩევნო ბარიერის არსებობა ემსახურება პარტიების გაძლიერებას, ამომრჩეველთან მუდმივ მუშაობას და ამასთან, აზღვევს ანტისისტემური, რადიკალური ძალების შესვლას საკანონმდებლო ორგანოში, თუ მათ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა არ აქვთ. ამასთან, ერთეულ ლიდერზე ორიენტირებული და ძლიერი პლატფორმის არმქონე პარტიების პირობებში, პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა ინდივიდების ვიწრო ინტერესებს და ფინანსურ თუ სხვა სარგებელს დაეფუძნოს.

გარკვეული ბარიერის მიზანშეწონილობაზე მიუთითებს ვენეციის კომისიაც 2010 წლის 15 მარტს გამოცემულ ანგარიშში, რომელშიც ვკითხულობთ: „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2007 წლის #1547 რეზოლუციაში არჩევანი გააკეთა 3% ბარიერზე, თუმცა იმ პირობით, რომ ეს რეკომენდაცია გამოყენებული იქნებოდა ‘დამკვიდრებული დემოკრატიის’ მქონე ქვეყნებში. ეს ბარიერიც დაბალი ჩანს, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ განსხვავებას რაც არსებობს დამკვიდრებული და ნაკლებად დამკვიდრებული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც პარტიული სისტემა შექმნის პროცესშია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სავარაუდოდ 3%-დან 5%-მდე ბარიერია მისაღები, შესაბამისი გარანტიების არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობებისთვის.“'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და ბარიერის გაუქმების შესახებ დღეს ''ქართული ოცნების'' ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში