ორმხრივი სროლა ხულოში - პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

26 ივნისი 2019, 11:49 8924 ნახვა

პოლიციამ ხულოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. შშს ინფორმაციით  განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 25 ივნისს ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ რ.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის ადგილსამყოფელი ცხელ კვალზე დაადგინეს. ის ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში იმალებოდა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს რ.ბ.-მ ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც 2 სამართალდამცველი მსუბუქად დაიჭრა. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ და უკვე დატოვეს საავადმყოფო. სამართალდამცველებმა ბრალდებული გამთენიისას, თანასოფლელის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში