აქციის დარბევას დეპუტატი ''ნაციონალურ მოძრაობას'' აბრალებს

26 ივნისი 2019, 16:05 1629 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბარი არასერიოზულია. პროცესებზე პასუხისმგებლობა ნიკა მელიას ეკისრება, რომელსაც პარლამენტის შტურმით აღება სურდა. 

''გახარიასთვის ცალსახად პასუხიმგებლობის აკიდება, ეს მოძალადე ''ნაციონალური მოძრაობის'' რიტორიკაა. ჩვენ რატომღაც არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მშვიდობიანი აქცია გადავიდა აგრესიაზე და შტურმზე. პოლიციის მიმართ იყო წინააღმდეგობა, კანონის დარღვევა, თავდასხმა, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ, ვამბობთ მხოლოდ სამართალდამცველები როგორ მოიქცნენ. ნიკა მელიას ეკისრება პასუხიმგებლობა, რომ მშვიდობიანი აქცია დაძრა და შეეცადა პარლამენტის შენობა შტურმით აეღოთ. ეს არის პროვოკაციული მოქმედებები. ნიკა მელიას განცხადებიდან 45 წუთში შტურმი სახეზეა. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ და ნიკა მელია არ ვახსენოთ არ შეიძლება'' - ამბობს დეპუტატი. 

ლადო მგალობლიშვილი მომხრეა სამართალდამცველებმა, რომლებმაც ძალას გადაამეტეს და თანამოქალაქეებს აქციაზე დამიზნებით ესროლეს დაისაჯონ, მაგრამ დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მსგავს ბრძანებას ძალოვანი უწყების მინისტრი არ გასცემდა და ის პოსტიდან არ უნდა გადადგეს. 

''ვინმეს სჯერა, რომ გიორგი გახარია მივიდა და სპეცრაზმს დაავალა დამიზნებით ესროლეთ 18 წლის ბავშვებსო?.. თქმა, რომ მინისტრმა გასცა ბრძანება ვინმესთვის თვალები დაეთხარათ არასერიოზულია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა ნიკა მელიას მოწოდება პარლამენტის შტურმით აღებაზე, იქ არაფერი მოხდებოდა. ყველა ის პოლიციელი, ვინც დამიზნებით ისროლა და ამოთხარა თვალი, მომხრე ვარ, თუ მათი დანაშაული დადასტურდება, დიდი ხნით ვერ იხილონ მზის სინათლე''.

წამყვანის კითხვაზე, გამოდის, რომ პოლიციამ მინისტრის ბრძანების გარეშე, დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება? მგალობლიშვილი პირდაპირ არ პასუხობს და ამბობს, რომ გახარია ის ადამიანია, ვინც იმ დღეს გადატრიალება აღკვეთა.  

''ფაქტებით ვისაუბრებ. მიხეილ სააკაშვილმა ლაივში თქვა, რომ სპეცრაზმის ხელმძღვანელობასთან აქვს პირდაპირი კონტაქტი - ეს არის გამოსაძიებელი.  გამოსაძიებელია პოლიციელებმა რატომ დათხარეს ხალხს თვალები'' - ამბობს საკანონმდებლო ორგანოს წევრი და 20 ივნისს განვიტარებულ მოვლენებს იხსენებს. 

''21 საათზე ნიკანორ მელია აკეთებს განცხადებას, რომ ისინი შევლენ პარლამენტში და მალევე, 45 წუთში დაიწყო პარლამენტის შტურმი. მათ უნდოდათ პარლამენტის ხელში ჩაგდება. მანამდე იყო მშვიდი სიტუაცია, პოლიცია არ ერეოდა. პოლიცია ცდილობდა მათ მოგერიებას, მაგრამ სიტუაცია გამწვავდა და უნდოდათ შტურმით აეღოთ პარლამენტი. ეს გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და რევოლუციის მცდელობა მივიღეთ. მერე კი ადამიანებმა დაკარგეს თვალები, დასახიჩრდნენ'' - თქვა მმართველი გუნდის წევრმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. 

ლადო მგალობლიშვილი ვერ ხედავს კავშირს აქციებსა და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას შორის. 

''რა შუაშია გავრილოვის ფაქტი და მშვიდობიანი.... გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა სამართლიანი პროტესტი, მაგრამ სამართლიანი პროტესტი რა შუაშია პარლამენტში შეჭრასთან?  რომ არ ყოფილიყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ხომ არ მოხდებოდა არაფერი. ეს პროტესტი დღემდე გაგრძელდებოდა'' - თქვა უმაღლესი საბჭოს წევრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში