"სასამართლოზე იყო პოლიტიკური გავლენა და გადაწყვეტილება წინასწარ ვიცოდი" - თევზაძე მის დაჭრაში ბრალდებულების გათავისუფლებაზე

26 ივნისი 2019, 17:34 2399 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 21 ივნისს ალექსანდრე თევზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებული ორი პირი, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

დაშავებული ალეკო თევზაძე აცხადებს, რომ კახა მიქელაძეს და ირაკლი აბუსერიძეს მფარველები ჰყავთ მთავრობაში და ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდა.  

"სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის დანაშაული. სახეზე გვაქვს ადამიანის გატაცება, სახეზე გვაქვს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, სახეზე გვაქვს ადამიანის დაშავება.  არსებობს ფაქტები, რომელიც ამ სიტყვებს მოწმობს და ყველაფერი უგულებელყო სასამართლომ. ის მოექცა კონკრეტული პირების დაქვემდებარების ქვეშ და ეს გადაწყვეტილება განპირობებულია პოლიტიკური ზეწოლით" - თქვა დაშავებულმა.

დაშავებული ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს სიმართლის დასადგენად. „შევეცდები რომ დადგინდეს სიმართლე და ყველამ გაიგოს რა მოხდა, რომ მოჰყვეს როგორც სამართლებრივი, ისე საზოგადოების შეფასება.“

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ ესწრებოდა იგი დღეს სასამართლო პროცესს? ალექსანდრე თევზაძემ გვიპასუხა, რომ მან ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდა.

„იმიტომ რომ მე უკვე ვიცოდი, რომ მფარველობდნენ მაგ ადამიანებს და დადგებოდა ეს გადაწყვეტილება“-განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

ალექსანდრე თევზაძე უკვე მეორე დღეა ითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების მუხლი გადააკვალიფიციროს  და იარაღით თავდასხმის ნაცვლად, გამოძიება გატაცების მცდელობის მუხლით გაგრძელდეს. 

შს სამინისტროში გვითხრეს, რომ მუხლი არ შეცვლილა და ისევ გრძელდება გამოძიება. 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში