ეროვნული გამოცდები 2 დღეში იწყება, ენგურის ხიდი კი აბიტურიენტებისთვის ჩაკეტილია 

28 ივნისი 2019, 12:23 2392 ნახვა

10 დღის წინ, 17 ივნისს, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სტუდენტებს ქართულ უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლა შესთავაზა.  განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თქვა, რომ სურვილის შემთხვევაში სახელმწიფო სტუდენტებს სწავლის ხარჯს დაუფარავს.   

ორშაბათს, 1 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გამოცდებამდე ორი დღით ადრე კი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტა. ეს ერთადერთი ბლოკპოსტია, რომლითაც აფხაზეთიდან საქართველოში გადმოსვლაა შესაძლებელი. 

უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება საგამოცდო პროცესების დაწყებას?  აფხაზეთის მხარე მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვას, საქართველში მიმდინარე აქციებს უკავშირებს. თუმცა, ფაქტია, ამ შეზღუდვით ვერც ის აბიტურიენტები ისარგებლებენ, რომლებმაც შესაძლოა საქართველოში გადაწყვიტეს სწავლის გაგრძელება და შეღავათებით სარგებლობა.   

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მთავრობის მთავარი საზრუნავია, პრობლემა არ შეექმნათ გალში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ და უკვე დარეგისტრირებულები არიან.  

''მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება უკანონო შეზღუდვით. ძალიან ინტენსიურ რეჟიმში სხვა უწყებებთან ერთად ჩართული ვართ პროცესში, რომ ეს უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას. 

გვაქვს კომუნიკაცია ფორმალური თუ არაფორმალური არხების საშუალებით. მათ შორის ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. მე ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და წუხილი, რაც მოსახლეობას აქვს უკავშირდება ახალგაზრდების გადაადგილებას, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმ სქემაზე, რომ არ ქონდეთ შეფერხება გალელ სტუდენტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე,'' - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი. 

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე გუშინ 20:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. აფხაზეთიდან ზუგდიდში არ გაატარებენ ადამიანებს, ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის უფლება კი ექნებათ ე.წ. აფხაზური პასპორტების ან მიწვევის მქონე ადამიანებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში