თეა წულუკიანი - პარლამენტის თავმჯდომარე უფრო ადრე უნდა გადამდგარიყო

28 ივნისი 2019, 16:53 2564 ნახვა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე უფრო ადრე უნდა გადამდგარიყო - განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. თეა წულუკიანის აზრით, ჯობდა პარლამენტის თავმჯდომარე უფრო ადრე წასულიყო, თუმცა მისი პასუხისმგებლობიანობა გამოჩნდა. 

„ვამბობ რბილად: ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო. ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ვინ? ქვეყანაში რიგით მეორე პირმა, გადადგა ამისთვის. ჯობდა უფრო ადრე, მეტსაც გეტყვით, მაგრამ გადადგა ქვეყანაში რიგით მეორე პირი“ - ამბობს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანმა 20 ივნისის მოვლენები შეაფასა, როდესაც "მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის" გენერალური მდივანი, დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი  კონფერენციის წამყვანის რანგში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და კონფერენციას უძღვებოდა. 

რუსი დეპუტატის ქმედებას დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა ქვეყანაში, პარლამენტში დაიწყო ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები და მოქალაქეები პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ, რომლის ჩართულობითაც გაიმართა პარლამენტში ეს შეხვედრა. 

სერგეი გავრილოვი და დელეგაცია ქვეყნიდან წავიდა, კონფერენცია ჩაიშალა. მოთხოვნის მიუხედავად,ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ არ აპირებს გადადგომას. აქცია ღამით სამართლდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, სადაც 240 მეტი ადამიანი დაშავდა, რეზინის დამიზნებით სროლის შედეგად კი, აქციის 26 მონაწილეს თვალი დაუზიანდა, აქედან ორმა ახალგაზრდამ დაკარგა თვალი. დაშავებულებს შორის იყო 80-მდე პოლიციელი.

ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მეორე დღეს, პოლიტსაბჭოს გამართვის შემდეგ მიიღო. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში