"ქართული ოცნების" 4 დეპუტატს განსხვავებული პოზიციის გამო, პოლიტსაბჭოზე განმარტებებს სთხოვენ

28 ივნისი 2019, 17:49 1704 ნახვა

"მოდით, ჩავთვალოთ, რომ მე მაქვს ნაკლები გამოცდილება იურისპრუდენციაში და სამართალწარმოებაში, მაგრამ რამდენადაც ჩვენ ვიხილავდით საკმაოდ სენსიტიურ საკითხს კოლეგის, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტის იმუნიტეტის შეჩერებაზე, ჩავთვალე, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იმ მომენტისთვის იქნებოდა თავის შეკავება" - ამის შესახებ დეპუტატმა მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ამ წუთებში მიმდინარე სხდომაზე განსახილველ ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს სწორედ, 4 დეპუტატის მიერ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიცია.

მარიამ ჯაშის განმარტებით, დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე დამატებითი მასალების განხილვის შესაძლებლობა პლენარულ სხდომაზე არ ყოფილა, კომიტეტების ფორმატში განხილული ინფორმაციის საფუძველზე კი მან თავის შეკავება გადაწყვიტა.

რაც შეეხება იმას, თუ რამენად სწორია რამდენიმე დეპუტატის მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების გამო უმრავლესობის სხდომის ჩატარება ან ხომ არ არის მოლოდინი, რომ მათ “ამის გამო დასჯიან”, მარიამ ჯაში აცხადებს:

“ბუნებრივია, გუნდს აქვს თავისი წესები. მე უბრალოდ არ მომეცა საშუალება შეზღუდული დროის ფორმატიდან გამომდინარე კენჭისყრამდე უმრავლესობის ფორმატში  დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ვღებულობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. არავითარი ზეწოლა არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ვწუხვარ, თუკი უხერხულობა შევუქმენი ჩემს კოლეგებს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი და არც შევცვლიდი, თუნდაც ყოფილიყო დამატებითი კონსულტაციები. მიმაჩნია, რომ ჩემი გადაწყვეტილება იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით იყო მართებული. იმედი მაქვს, რომ ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს დავარწმუნებ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და ასევე იმ გარემოებებში, რის გამოც არ მომეცა მათთან წინასწარი გასაუბრების შესაძლებლობა”, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ოთხმა დეპუტატმა - მარიამ ჯაშმა, რომან კაკულიამ, ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში