ტურისტებს ამერიკიდან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან შემოვიყვანთ - ეკონომიკის მინისტრი

01 ივლისი 2019, 12:03 2076 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ National Geographic-თან თანამშრომლობით, ახალი სამიზნე ქვეყნები გაჩნდება, საიდანაც ტურისტების შემოყვანა მოხდება. ნათია თურნავამ თქვა, რომ ვიზიტორები ჩამოვლენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან.

ამერიკულმა ტურისტულმა კომპანიამ MIR Corporation -მა და National Geographic- მა ერთობლივი პროექტი დაგეგმეს, რომელიც საქართველოში ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოყვანასა და მათთვის სპეციალური ტურისტული სერვისების შეთავაზებას ითვალისწინებს.

"ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, ამ დღეებში, როდესაც საქართველოში ტურიზმი დადგა გამოწვევის წინაშე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, კანადა, ახალი ზელანდია და სხვა, საიდანაც ტურისტრების ნაკადების შეიძლება მეტი იყოს და პოტენციალი დიდია, სწორედ National Geographic-ის ეგიდით მოხდება მათი შემოყვანა და ჩვენ მათ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსულ კომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში ფრენები აუკრძალა. 

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში ტურისტების ჩამოსაყვანად ახალი კამპანია დაიწყო. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები, მეგობრებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებენ. 

''პუტინის ჯინაზე ეწვიეთ საქართველოს'' - ამ სათაურით სტატია გუშინ CNN-მაც გამოაქვეყნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში