არავინ შეუვიწროებიათ, არც სოფლიდან წამოსულან აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები - ქარელის მერის განმარტებები

03 ივლისი 2019, 12:29 2432 ნახვა

ქარელში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების  სავარაუდო შევიწროებისა და  რელიგიური ნიშნით დევნის ფაქტებზე,  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა. ნუგზარ დაბრუნდაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ  ბოლო წლებში, ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა, რომლებიც აჭარიდან იყვნენ ჩასახლებული. ერთ-ერთ მიზეზად მერიის მაღალჩინოსანმა სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებული ზეწოლა  დაასახელა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, სასულიერო პირები  ადგილობრივებს არამარტო რელიგიური, არამედ სხვა ნიშნითაც დევნიან.

ვიცე მერმა გადაცემის შემდეგ ჟურნალისტების დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.  ქარელის მერმა კი, ვიცე-მერის მიერ გადაცემაში გასაჯაროებული ფაქტები უარყო და მის საუბარს სიცრუე უწოდა.

„კი ბატონო, ეს ამბავი არის სიცრუე, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ისიც სიცრუეა, რომ ვიღაცა  ვიღაცას ავიწროებს. ეს მოსახლეობა ჩვეულებრივად ჩვენი ძმები და დები არიან.  საარჩევნო უბანში იღებენ მონაწილეობას და ყველა მიმართულებით აქვთ დახმარება. ეს ნუგზარ დაბრუნდაშვილის მოსაზრებაა. მე-7 წელია ვმუშაობ მუნიციპალიტეტში და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მოსახლეობასთან. ჩემთვის არავის მოუმართავს ამ საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მიწევს შეხვედრა ადგილობრივებთან.  არანაირი საკითხი არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა ავიწროებდათ ან ვინმესთან გაუგებრობა ჰქონდათ“ - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

მან სიცრუე უწოდა ვიცე მერის  ნათქვამს იმის თაობაზეც, რომ აჭარიდან ჩასახლებული მოსახლეობა სოფელს ტოვებს, რომ ადრე სკოლაში 60 მოსწავლე დადიოდა და ახლა კი 11 დადის.

„მე გეტყვით პირიქით, იმ სოფლებში  ვაწესრიგებთ  ინფრასტრუქტურას, სადაც აჭარიდან ჩამოსახლებულები ცხოვრობენ. იქ ხალხის რაოდენობა იზრდება.  შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და ერთად შევხვდეთ მოსახლოებას და ეს აზრი მათთან პირდაპირ დავაფიქსიროთ“.

კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა მაშინ ეს ინფორმაცია ვიცე მერს? თუ ესაუბრა მას აღნიშნული გადაცემის შემდეგ ზაზა გულიაშვილი ? ქარელის მერი ამბობს, რომ საუბარი ჰქონდა მის მოადგილესთან. 

„ნუგზარი ამბობს, რომ სხვა ინტერპრეტაციით უნდა ეთქვა და სხვანაირად  გამოუვიდა. რაც შეეხება, ეპარქიის წარმომადგენლებს,  მათთან შეხვედრას ვგეგმავ  და აღნიშნულ საკითხებს კიდევ ერთხელ გავივლი."

სასულიერო პირების მიერ მიწების შესყიდვის ფაქტს და  მოსახლეობის პრეტენზიას, რომ მათ საძოვრები აღარ რჩებათ - ამ საკითხზე მერი ამბობს, რომ ეს მათი პოლიტიკის ნაწილია და სიტუაცია სხვაგვარადაა. 

„ჩამოყალიბდა კოოპერატივი „ძალა“,  სადაც აღნიშნული საძოვრები  და სათიბი გავაერთიანეთ  და მოსახლეობას მივეცით იმის საშუალება, რომ სურვილისამებრ გამოიყენოს. ძამის ხეობაში არის ბევრი ეკლესია-მონასტერი. მიმზიდველია ტურისტებისთვისაც,  აქედან გამომდინარე არის მიწებზე ინტერესი, მაგრამ აქ არ არის საუბარი სასულიერო პირებზე, აქ არის ზოგადად ბაზრის ინტერესზე საუბარი. თუ საქონელი ვიღაცის კერძო საკარმიდამო ნაკვეთში შევა, იმას რა თქმა უნდა გამოაძევებენ, კითხვაც არ უნდა დაისვას ამაზე“ - თქვა ზაზა გულიაშვილმა.

მერის განმარტებით, მას აჭარის მთავრობიდან  აღნიშნულ საკითხზე არავინ დაკავშირებია.  მისივე თქმით, მას დაუკავშირდა მხოლოდ გუბერნატორი, რომლესაც უთხრა, რომ ეს იყო ერთი პირის მიერ არასწორად გავრცელებული ინფორმაცია.

 

ამავე თემაზე: სავარაუდო შევიწროების გამო, ეკომიგრანტები აჭარიდან ქარელს ტოვებენ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში