ენგურის ხიდის ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე ჟენევაში ვისაუბრეთ - საგარეო 

04 ივლისი 2019, 10:50 3359 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს რუსების მიერ დაწესებულ შეზღუდვებსა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგებზე ისაუბრა.

ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ მწვავე სიტუაციაში ვითარების დეესკალაცია მოხდეს.  

საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. თქვეს, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯებია.

''განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნის მიზნით.
 
მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების, თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის საკითხები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.
 
განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია, მათი მძიმე ჰუმანიტარული და სოციო-ეკონომიკური საცხოვრებელი პირობები. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დასვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საჭიროება.
 
განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალებაზე და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვეს  საქმის მასალების დაუყვნებლივ გაზიარება'' - წერია განცხადებაში. 

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში