პროპორციული სისტემით ჩატარდეს არჩევნები აჭარის საკანონმდებლო ორგანოშიც - 8 პარტია განცხადებას ავრცელებს

04 ივლისი 2019, 11:05 2913 ნახვა

"ახალი საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ემსახურე საქართველოს", "რესპუბლიკური პარტია", "ევროპული საქართველო", "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა" და "გირჩი" - რვა ოპოზიციური პარტია ბათუმში ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. 

რეგიონში სხვადასხვა პარტიის ლიდერები ერთხმად ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტის მსგავსად, აჭარის უმაღლესი საბჭოს შემდეგი მოწვევის დეპუტატები,  პროპორციული სისტემით უნდა მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში.  

"ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტის არჩევის პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესები ასევე უნდა აისახოს აჭარის კონსტიტუციაში. ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, გთავაზობთ უმოკლეს ვადაში დაიწყოს კონსულტაციები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მომდევნო , ან რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში" განაცხადეს ბრიფინგზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა. 

20 ივნისს, აქციის დაშლის შემდეგ, რუსთაველის ქუჩაზე შეკრებილი ახალგაზრდები, რომლებიც რუსულ ოკუპაციას და პოლიციის მიერ აქციის დაშლის დროს ძალადობას აპროტესტებდნენ, პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების განსახორციელებლად, შსს მინისტრის წასვლა და საარჩევნო სისტემის შეცვლა მოითხოვეს. კონკრეტულად კი, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მხოლოდ პროპორციული წესით პარლამენტის დაკომპლექტება. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აქციებიდან ორ დღეში, ახალგაზრდების ერთი მოთხოვნა - "პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე" დააკმაყოფილა. თქვა, რომ 2024 წლის  ნაცვლად,  პარლამენტს პროპორციული წესით 2020 წელს ავირჩევდით საქართველოში და პარტიებს 0% ხელოვნური ბარიერი დაუწესდებათ პარლამენტში შესასვლელად. 

ამ სისტემით, საკანონმდებლო ორგანოში ერთი წევრის შესაყვანად პარტიას 14 ათასამდე ხმა დასჭირდება. 

ცვლილებები დაანონსდა მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, რა ფორმით მოხდება არჩევნები აჭარის საკანონმდებლო ორგანოში, ამ ეტაპზე უცნობია. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში