ქარელის ვიცე-მერი, რომელმაც ეკომიგრანტების სავარაუდო შევიწროებაზე ისაუბრა, თანამდებობიდან გადადგა

05 ივლისი 2019, 11:35 1869 ნახვა

ქარელის ვიცე-მერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების სავარაუდო, შევიწროებაზე ისაუბრა თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას სააგენტო შიდა ქართლი ავრცელებს.

ნუგზარ დაბრუნდაშვილმა გადაწყვეტილება გუშინ საღამოს მიიღო. მისი თქმით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა:  ,,რატომ წავედი სამსახურიდან, ეს უკვე ჩემი საქმეა. მივდივარ სახლში" - განაცხადა ვიცე მერმა. 

უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა ძამას ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, ამის თაობაზე, ნუგზარ დაბრუნდაშვილმა საუბარი აღარ ისურვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, დღეს ვიცე მერს დაუკავშირდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

ქარელის ვიცე-მერმა, 1 ივლისს გადაცემა "ქართლის სტუდიაში" სტუმრობისას თქვა, რომ ბოლო წლებში, ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა. ისინი აჭარიდან იყვნენ ჩასახლებული. ერთ-ერთ მიზეზად მერიის მაღალჩინოსანი სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს. მისივე თქმით სავარაუდოდ ეკლესიებისა და მონასტრების წარმომადგენლები ადგილობრივებს არამარტო რელიგიური, არამედ სხვა ნიშნითაც დევნიან.

ქარელის მერმა კი, ფაქტები უარყო და მისი მოადგილის საუბარს სიცრუე უწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში