პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლოდან გაათავისუფლეს

11 ივლისი 2019, 14:12 2212 ნახვა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მერებაშვილს პატიმრობის ვადა 15 ივლისს ეწურებოდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მომდევნო სხდომა აღნიშნულ პერიოდამდე ვერ მოესწრებოდა რის გამოც იგი უნდა გათავისუფლებულიყო. მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრეები ტაშით შეხვდნენ.

მერებაშვილის ადვოკატის, კახა ხვისტანის განცხადებით, სასამართლოს მერებაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება აქამდეც უნდა მიეღო, რადგან ბრალდების მხარემ ცხრათვიან ვადაში ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავეა.

საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის თქმით კი, სწორედ კახა ხვისტანის ქმედებებმა გააჭიანურა სასამართლო განხილვები და ამის გამო ვერ მოესწრო საქმის განხილვის დასრულება ცხრათვიან ვადაში.

აღნიშნულ საქმეზე მერებაშვილის გარდა, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი არიან ბრალდებულები, რომლებიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არიან მსჯავრდებულები, შესაბამისად, ცხრათვიანი ვადა მხოლოდ მერებაშვილზე ვრცელდება.

შემდეგი სხდომა 22 ივლისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში