"ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს უნდათ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს გადააბრალონ" - სოფიო კილაძე აქციის დაშლაზე

12 ივლისი 2019, 11:43 1749 ნახვა

"ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს უნდათ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს გადააბრალონ, მაგრამ ის ამ მოვლენებთან დაკავშირებით საერთოდ არაფერ შუაშია, ცოტა უხერხულად მიმაჩნია მისი ამ მოვლენებთან  დაკავშირება" - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი სოფიო კილაძე. მას  ჟურნალისტმა ჰკითხა, აქციის დაშლის გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ დამოუკიდებლად მიიღო თუ ბიძინა ივანიშვილს დააფარა ხელი?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა დეპუტატს მინისტრის გუშინდელი განცხადება გაახსენა, სადაც გიორგი გახარიამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ეწინააღმდეგებოდა პარლამენტის წინ შეკრებილი მოსახლეობის დაშლას.   

კილაძე მიიჩნევს, რომ შსს ვალდებული იყო პარლამენტზე შტურმი აღეკვეთა.

"ჩვენ ვიხილეთ კადრები რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტული ადამიანები აპირებდნენ პარლამენტში შეჭრას. სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუციები. პოლიციის უფლებამოსილება იყო ეს და შესაბამისად მოხდა ძალის გამოყენება, თუმცა ამ ძალის გამოყენების შემდგომ ცალკეული ეპიზოდები როცა ადამიანები დაშავდნენ ეს არის გამოძიების საკითხი. ის კი რომ შშს ვალდებული იყო პარლამენტზე შტურმი აღეკვეთა ეს არის ცალსახა და ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ფუნდამენტური საკითხი, ეს იყო პოლიცის მოვალეობა"- განაცხადა სოფიო კილაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში