ყველა აგებს პასუხს, ვინც 20 ივნისს ზედმეტი ძალა გამოიყენა. როდის? როცა დასრულდება გამოძიება - პრემიერ მინისტრი

15 ივლისი 2019, 12:05 1530 ნახვა

ყველა აგებს პასუხს, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას. როდის? როცა დასრულდება გამოძიება, გამოძიებას აქვს მისი ვადები - ასე უპასუხა შეკითხვას პრემიერ მინისტრმა, რომელიც იმ ადამიანების დაკავებას ეხებოდა, რომლებმაც 20 ივნისს, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების აქციის დაშლის დროს უფლებამოსილებას გადაამეტეს და რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდნენ. 

"ამაზე არაერთი კომენტარი გავაკეთე და ისევ ვიტყვი. "ნაციონალურ მოძრაობას" სურს წარმოაჩინოს თითქოს პარლამენტის შტურმი არის პატრიოტიზმის გამოვლენა, ხოლო კონსტიტუციის დაცვა ბოროტება. ეს არ გამოუვა არავის, ჩვენ ვაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს და ბუნებრივია ამას მიეცემა სამართლებლივი შეფასება," - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ. 

- ბატონო პრემეირო, აქ თვალების დათხრაზე და დამიზნებით სროლაზეა საუბარი და არა ჭავლის ან გაზის გამოყენებაზე - იყო რეპლიკა ჟურნალისტების მხრიდან. 

"სამწუხაროდ ჩვენ გვყავს დაშავებულები, როგორც ახალგაზრდები ასევე ჩვენი პოლიციელები, იყო შემთხვევები, როცა ზოგიერთმა სამართალდამცველმა გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას. ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ მეგობრებო, ვინ მოახდინა ზედმეტი ძალის გამოყენება.   არავინ არ დარჩება დაუსჯელი, მათ შორის არც უპასუხისმგებლო "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და პოლიტიკოსები, რომლებმაც გამოიყენეს ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი" - განაცხადა ბახტაძემ. 

სამართალდამცველების პასუხისგებაში მიცემის შესახებ მეოთხედ დასმულ შეკითხვის შემდეგ კი, პრემიერ მინისტრმა დააზუსტა, რომ უფლებამოსილება შეჩერებული აქვს 10 პოლიციელს და გამოძიება დეტალურად სწავლობს ძალის გადამეტების საკითხს. 

- 25 დღე არ არის საკმარისი? არსებობს კადრები,სადაც  იდენტიფიცირება შეიძლება იმ სპეცრაზმეების, რომლებიც დიდი ალბათობით ამეტებენ ძალაუფლებას? რატომ არ აკავებენ ამ ადამიანებს?  

- "10 ადამიანს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს და რამდენიმე მათგანზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ რაზეც უნდა ვისაუბროთ, რომ ქართულ საზოგადოებას არ გაუჩნდეს განცდა,რომ ვინმეს ხელს აფარებენ. მე გეუბნებით, რომ ეს ასე არ მოხდება.  პროცესში ჩართულია სახალხო დამცველი და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია.  გამოძიებას აქვს თავისი ვადები და ეს გამოძიება არის კომუნიკაციაში საზოგადოებასთან და მედიასთან. ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის მთავარი ამოცანაა, რომ სწორი შეფასება მიიღოს ამ მოვლენებმა.  ის, რომ მოქალაქეების პროტესტი გამოიყენა "ნაციონალურმა მოძრაობამ",  ეს კითხვებს არ აჩენს საზოგადოებაში. თქვენ,  "ნაციონალური მოძრაობის" კონტროლირებად მედიას კი გინდათ, რომ აქ კითხვითი ნიშანი არსებობდეს? ეს არავის არ გამოუვა, რადგან ჩვენ ვაშენებთ სამართლებლივ სახელწიფოს და სამართლებლივი შეფასება მიეცემა ყველაფერს",  - თქვა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში