ზურაბ პატარაძე ახსნა-განმარტებისთვის აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს

16 ივლისი 2019, 10:49 1943 ნახვა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე დაიბარა.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ელჩს ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს, ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის დარღვევის, მესაზღვრეებზე თავდასხმისა და მათი შეურაცხყოფის ფაქტზე. 

"სამწუხაროა, რომ მსგავსი ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ვთვლით, რომ ეს ორი ქვეყნის კონფრონტაციისკენ მიმართული პროვოკაციაა", - აცხადებენ სამინისტროში.

აზერბაიჯანული მხარე ითხოვს ინციდენტის გამოძიებას და შესაბამისი ზომების მიღებას.

''აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეორე მხარისგან მოითხოვა ამ ინციდენტის გამოძიება და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირება შესაბამისი ქმედებებისა და მუშაობის შესახებ ", - ნათქვამია განცხადებაში.

14 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

დავით გარეჯში მომუშავე გიდის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ეკლესიიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ხანმოკლე ინციდენტი" დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის იყო, თუმცა სიტუაცია დროულად დადგა და ახლა "სიმშვიდეა".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში