რას ფიქრობენ ''რუსთავი 2''-ის საქმეზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები

18 ივლისი 2019, 15:24 1810 ნახვა

სტრასბურგის სასამართლომ ''რუსთავი 2''-ის საქმეზე დღეს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროპელმა მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. ამავე გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. ეს ნიშნავს, რომ ქიბარ ხალვაშს არხის გადაფორმება დღესვე შეუძლია.

გადაწყვეტილება ტელეკომპანიის მენეჯმენტისთვის შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელი იყო. გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ გასაჩივრების საშუალება მხოლოდ ერთ ნაწილში არის  და ისინი ამ შანსს გამოიყენებენ.

სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დავა საქართველოს სრული გამარჯვებით დასრულდა. სხვა პროცესები კი უკვე კომპანიის მფლობელზე არის დამოკიდებული. 

წერილობითი განცხადება მალევე გაავრცელა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა. დოკუმენტში ეწერა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას არავინ შეეხებოდა, კომპანიიდან მხოლოდ ნიკა გვარამიას გაუშვებდა. 

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე განსხვავებული მოსაზრებებია აქვთ ''ქართული ოცნების'' დეპუტატებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი.

''სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მფლობელებს, ძმებ ყარამანაშვილებს არ დარღვევიათ. მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ მიიღო. რამდენიმე შემთხვევაში მხოლოდ ერთი მოსამართლის განსხვავებული აზრია ხოლმე. სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება ამ გადაწყვეტილების პათოსსა და შინაარსს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

''ქართული ოცნების'' კიდევ ერთმა დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ კი რუსთავი 2-ის "კოლექტივს" ახალი ტელევიზიის გახსნა ურჩია. თქვა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს.

"უხერხულია, როდესაც ვისმჯელებთ იმაზე, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებით რაიმე გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა. ახალი ტელევიზიითაც შეგიძლიათ, იგივე გააკეთოთ. ახალი ტელევიზიის გახსნას არანაირი წინააღმდეგობა წინ არ აქვს. ეს იყო ქონებრივი დავა - ამბობს ზოიძე.

''დიდი მეამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,'' - ასე ფიქრობს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი გიორგი ბარამიძე. მისი თქმით, ეს არის რთული და უთანასწორო ბრძოლა. 

„ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, მაგრამ არა გადაწყვეტილება, რომელმაც სასოწარკვეთაში უნდა ჩაგვაგდოს. კარგად ვიცით, რომ ძალიან რთულ, უთანასწორო ბრძოლაში ვართ, ბრძოლაში ვართ მილიარდებთან და ძალიან სერიოზულ სახელმწიფო ბერკეტებთან. დარწუნებული ვარ, რუსთავი 2-ის მართლა გმირული, პატრიოტული კოლექტივის ბრძოლა გაგრძელდება'' - უთხრა ჟურნალისტებს ბარამიძემ. 

''ევროპული საქართველოს'' ლიდერები კი ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ. ფიქრობს, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას ხელისუფლებამ გასაჩივრების ბერკეტი არ უნდა წაართვას და დრო მისცეს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი დავის გაგრძელების საშუალებას იძლევა. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია და ცუდია ქართული დემოკრატიისთვის. მაგრამ, როგორც პასუხისმგებლიანი და პროდასავლური ოპოზიცია, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ამიტომ მთლიანად ვეთანხმები არხის და მისი დირექტორის პოზიციას, რომ დავა უნდა გაგრძელდეს. „რუსთავი 2“-სთვის გასაჩივრების შანსის წართმევა ხელისუფლების მხრიდან აღქმული იქნება როგორც პოლიტიკურად და სამართლებრივად ცუდი და დამაზიანებელი ნაბიჯი და არხის მითვისების მცდელობა", - განაცხადა ბაქრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში