ეს ყველაფერი გამიზნული პროცესია ტელეკომპანიის რეგრესისკენ წასაყვანად - ზვიად ქორიძე ''რუსთავი 2''-ზე

19 ივლისი 2019, 13:24 1901 ნახვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში ახალი დირექტორი მივიდა. პაატა სალიამ ნიკა გვარამია ჩაანაცვლა. ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჟურნალისტების სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება. თავის მხრივ არხის სახეები გარანტიებს და ახალ ორწლიან კონტრაქტებს ითხოვენ. 

ახალი დირექტორისა და ტელეკომპანიის ახალი მფლობელის დაპირების მიუხედავად, ჟურნალისტები და მედიაექსპერტები ნეგატიურ პროგნოზებს აკეთებენ.  

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ახალი გადაწყვეტილებით, რეალურად მედია გარემო იცვლება და მას საფრთხე ემუქრება. მედიაექსპერტი ვარაუდობს, რომ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკაც და პლურალისტული გარემო, რომელიც ''რუსთავი 2''-ში იყო მნიშვნელოვანწილად შესუსტდა.

''ეს მედია გარემო იყო მრავალფეროვანი,  ეს მედია გარემო იყო ზუსტად ისეთი, რომლიც იძლეოდა საშუალებას, რომ საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში ყოფილიყო მრავალფეროვნების, პლურალიზმის საფუძველზე ჩამოყალიბებული. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ეს ასე დრამატული ამ წუთას არ არის, მაგრამ პერსპექტივაც ასეთი ჩანს, რომ ეს პლურალისტული გარემო მნიშვნელოვანწილად შესუსტდა.

ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' იყო კრიტიკული შინაარსის მატარებელი ტელევიზია, იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემების გაშუქებისთვის მოწოდებული ტელევიზია. იმ ცვლილებების ფონზე, რომელიც  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ასე დაჩქარებულად განხორციელდა მე მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ შეიცვლება მისი სარედაქციო პოლიტიკა და შეიცვლება ის ამოცანები, რომელსაც მეპატრონე დაუყენებს ამ არხის თანამშრომლებს. შეიცვლება გარკვეულწილად ის შემოქმედებითი გარემოც, რომელიც ამ ტელეკომპანიაში არსებობს. ეს ქმნის ზუსტად იმის მოლოდინს, რომ მედია გარემოს ძალიან სერიოზული საფრთხე შეიძლება გაუჩნდეს'' - ამბობს მედია ექსპერტი. 

ზვიად ქორიძის თქმით, ''რუსთავი 2''- ის წარმატების საიდუმლოება იმაში მდგომარეობდა, რომ არხი ხელისუფლების პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი იყო. მისივე განმარტებით, არხის ახალ დირექტორს პაატა სალიას ჟურნალისტების მოთხოვნების შესრულება გაუჭირდება. 

გუშინ, 18 ივლისს, პაატა სალიას არხის სახეებმა გარანტიები და ორწლიანი კონტრაქტები მოსთხოვეს, რაც მათ საქმიანობაში ჩერევის საფრთხეებს მოხსნიდა. 

მედიაექსპერტი ფიქრობს, რომ პაატა სალიას, ნიკა გვარამიას წამყვანის პოზიციაზე დატოვებაც გაუჭირდება.  

''​სალიას პირველი წინააღმდეგობა, ჟურნალისტებტან შეხვედრისას შეხვდა. მას არ აქვს დღეს ის რესურსი თქვას, რომ იმ ვალდებულებებს და პირობებს შეასრულებს, რომელიც მას წაუყენეს. ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ნიკა გვარამია თავად არის სარედაქციო შინაარსის ნაწილი. ის გადაცემის წამყვანია და საინტერესოა რამდენად შეძლებს, სალია მიიღოს გადაწყვეტილებად და ნიკა გვარამია გადაცემის წამყვანად დატოვოს.

პაატა სალია ვერ არის რუსთავი 2-ში ფულის მომტანი, ისევე როგორც ვერ არის ქიბარ ხალვაში. ხალვაშს მაშინ უჭირდა ფულის მოტანა, როდესაც წარმატებული ბიზნესი ჰქონდა, წარმატებული ბრჭყალებში, სააკაშვილთან და ოქრუაშვილთან ახლობლობის წყალობით. დღეს ის არ არის წარმატებული ბიზნესმენი, მეტიც საერთოდ ვერ არის ბიზნესმენი. ქიბარ ხალვაშის ამოცანა არ იყო, რომ ''სამართალს პური ეჭამა'', მისი მიზანი იყო  ''რუსთავი 2''  შეფერხებულიყო, ან უარესი დახურულიყო.

ეს ყველაფერი არის ზუსტად გამიზნული პროცესი იმისთვის, რომ ტელეკომპანია თანდათანობით წავიდეს რეგრესის გზით. აქ არავის არ ეცალოს შემოქმედებისთვის და არ ეცალოს სარედაქციო დავალებების შესრულებისთვის. ეს არის მთავარი პრობლემა რაც მალე გაჩნდება და აუცილებლად ჩვენ ყველა ერთად დავინახავთ'' - თქვა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ზვიად ქორიძემ. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში