შალვა თადუმაძე განმარტება, რატომ აირჩია რეკომენდატორებად ''ქართული ოცნების” წევრები

23 ივლისი 2019, 12:37 1368 ნახვა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.

თადუმაძეს რეკომენდატორად მითითებული ჰყავს “ქართული ოცნების” დეპუტატები ირაკლი სესიაშვილი და კობა კობალაძე.  ასევე, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, რომ მას რეკომენდატორებში მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკოსები ჰყავს მითითებული, რაც მიკერძოებულობაზე კითხვებს აჩენს. 

შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ ამ ადამიანებმა, მისი გამოცდილების შესახებ ყველაზე კარგად იციან და არც ერთი მათგანი არ არის პოლიტიკური ნიშნით შერჩეული.

"მე შემიძლია ეს ლოგიკა დაგანახოთ, რატომ იქნა ეს შერჩეული. ირაკლი სესიაშვილთან ერთად გავატარე 11 წელი არასამთავრობო ორგანიზაციაში. ის იყო ჩემი ხელმძღვანელი და ამ ქვეყანაში, თუ ვინმემ იცის ჩემი კვალიფიკაცია, იცის ირაკლი სესიაშვილმა. ბუნებრივია, არამხოლოდ კვალიფიკაცია, არამედ თვისებები, იმიტომ, რომ მე და ირაკლი ვართ მეგობრები.

თუ კიდე ვინმემ იცის, რა შესაძლებლობები გამაჩნია პროფესიული და ადამიანური, იცის მაია ცქიტიშილმა, იმიტომ, რომ მე და ქალბატონმა მაიამ ერთად ვიმუშავეთ 6 წლის მანძილზე მთავრობის ადმინისტრაციაში, ის იყო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მე ვიყავი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ჩვენ გვქონდა კვეთა ერთმანეთთან მუშაობის...

კობა კობალაძე ჩემი მეგობარია. ის არის ერთადერთი ბრალდებული, რომელიც შევძელი, რომ სასამართლოს დარბაზიდან გამომეყვანა, მაშინ, როდესაც გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებლები არც ისე მაღალი იყო. ეს ის ხალხია, რომლებმაც ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები,'' - თქვა კანდიდატმა.

საქართველოს მთავარი პროკურორი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი.  

ექვსი წლის განმავლობაში, მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში