ელემენტარულად, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი - მამუკა ბახტაძე ოქრუაშვილის დაკავებაზე

26 ივლისი 2019, 10:52 1558 ნახვა

საქართველოში, სამწუხაროდ, არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ დაიწერონ პოლიტიკური ქულები, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვყავს ძლიერი საზოგადოება, რომელიც ობიექტურად აფასებს ყველაფერს, - უთხრა დღეს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.

ეს განცხადება მამუკა ბახტაძემ,  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

პრემიერმა თქვა, რომ საქართველოში სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულებაა და ამ პროცესების მისამართით ნდობის ხარისხი ძალიან მაღალია. 

„სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო. არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყო ნათელი. ელემენტარულად, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ამიტომ მე თავს შევიკავებ შინაარსობრივი შეფასებისგან. ფაქტი არის შემდეგი, რომ საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება და ნდობის ხარისხი არის ძალიან მაღალი ამ პროცესების მისამართით. საქართველოში, სამწუხაროდ, არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ დაიწერონ პოლიტიკური ქულები, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვყავს ძლიერი საზოგადოება, რომელიც ობიექტურად აფასებს ყველაფერს. კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბარი, ეს არის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და ამ პრინციპიდან გადახვევა არ შეიძლება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ აიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  თავდაცვის ყოფილი მინისტრი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში