პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე პარტიებს შორის შეთანხმება შედგა

26 ივლისი 2019, 15:10 1769 ნახვა

რა სისტემით ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს?-საკითხზე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მმართველი გუნდის, ოპოზიციური პარტიების დეპუტატები, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობდნენ.

შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტია მზად არის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საჭირო არის კონსულტაცია გაიმართოს მოქალაქეებთან, რადგან საზოგადოებას აქვთ გარკვეული სენტიმენტები მაჟორიტარების მიმართ. რაც შეეხება ბლოკების სისტემას, მანდატების გადანაწილებას,  დაფინანსებას-ანუ იმ საკითხებს რაც ეხება საარჩევნო კოდექსს, დავით გაბაიძე ამბობს, რომ ეს მეორე საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა მას შემდეგ დაიწყოს კონსულტაციები, რაც საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აცხადებს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები აგვისტოს ბოლოს დარეგისტრირდება, პროცესი არ გაჭიანურდება და ყველაფერი დროულად მოესწრება. საბოლოო გადაწყვეტილება მმართველი პარტიის წევრებს დღეს ღიად არ უთქვამთ.

"ხელისუფლება ამას არასოდეს უყურებდა კატეგორიული მიდგომით, რომ აუცილებელია შერეული სისტემა და უნდა დარჩეს. ჩვენ მზად ვართ გზა გავუხსნათ ამ დისკუსიას, დაგვჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა მოსახლეობასთან, რომ დავარწმუნოთ პროპორციული სისტემის ავკარგიანობაში. იმიტომ, რომ მათ მაჟორიტარების მიმართ გარკვეული სენტიმენტები გააჩნიათ. ბლოკები პარტიების გაძლიერებას ხელს კი არ უწყობს, არამედ უშლის, რადგან რამდენიმე პარტია ერთად  ცდილობს ფონს გასვლას და არ ზრუნავს საკუთარ განვითარებაზე"-განაცხადა დავით გაბაიძემ.

დღევანდელი კონსულტაციებით კმაყოფილი დარჩა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული.

"ცვლილებები იქნება მოსახლეობის დამსახურება. ეს იყო საზოგადოების დაკვეთა და თუ ისინი უარს იტყვიან მასზე, ეს იქნება უარის თქმა საზოგადოებაზე და ხალხი მათ გასცემს ადეკვატურ პასუხს. მსჯელობის საგანი იქნება ბლოკების საკითხი, გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილება და ა.შ. რა თქმა უნდა ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ მივიღოთ მრავალპარტიული უმაღლესი საბჭო"-განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ.

"ჩვენი შემოთავაზებული ვარიანტი მისაღებია ყველასთვის. იმ ფონზე როცა საქართველოს პარლამენტი გადადის უკვე პროპორციულ სისტემაზე, რა თქმა უნდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება ამ სისტემით იქნება ყველაზე მისაღები. განსაკუთრებით იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც უნდათ ჰყავდეთ წარმომადგენელი და სამწუხაროდ აქამდე ვერ ახერხებდნენ ამას"-ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი პეტრე ზამბახიძე.

"გადავდივართ პროპორციულ არჩევნებზე. დეტალებზე მიდის საუბარი. ვფიქრობ, რომ ძალიან მომზადებული გუნდი არის, როგორც ოპოზიციური სპექტრიდან, ასევე მმართველი გუნდიდან. კარგი იურისტები არიან და ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ"-განაცხადა შეხვედრის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსის წევრმა მერაბ ბლადაძემ.

პროპორციული სისტემა მისაღებია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვისაც. ისინი ამბობენ, რომ ბუნებრივი ბარიერით არჩევნების ჩატარება არის მნიშვნელოვანი.

"შეხვედრა იყო კონსტრუქციული, უმრავლესობა ფიქრობს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უპრიანი იქნებოდა რეგიონშიც"-განაცხადა  პოლიტიკური მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს  წევრმა მურმან დუმბაძემ.

თემაზე მორიგი შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება, მანამდე კი მმართველი გუნდი შიდა კონსულტაციებს გამართავს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში