სარფში ქვათაცვენა ავტომობილების და ქვეითების გადაადგილებას საფრთხეს უქმნის - თვეებია დამცავი ბადეები დაზიანებულია

29 ივლისი 2019, 00:20 4008 ნახვა

კვარიათი - სარფის ცენტრალურ მაგისტრალზე ფერდდამცავი სპეციალური ბადეები  უკვე თვეებია ჩამოშლილია. კლდეებიდან  ცვივა ქვები და ხის ნაფოტები, რომლებიც გზაზე გაჩერებულ  მანქანებს აზიანებს და საფრთხეს უქმნის ქვეითად მოსიარულეებს.

„დაახლოებით ერთი წელია  ეს პრობლემა მოუგვარებელია.  კლდიდან ქვები ყოველდღიურად ცვივა. აზიანებს ავტომობილებს და საფრთხეს უქმნის ქვეითად მოსიარულეებს. ბოლო შემთხვევა  გასულ კვირას მოხდა, როცა კლდიდან ჩამოვარდნილი ქვა ავტომობილს დაეცა და საქარე მინა ჩაუმსხვრია.  აქ გავლა და  ავტომობილების გაჩერება განსაკუთრებით საშიშია წვიმიან და ქარიან ამინდში, რადგან  უამინდობის დროს  კლდიდან  ქვები და ხის ნაფოტები აქტიურად ცვივა“-ამბობს  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც ტერიტორიაზე მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეეცადა გაერკვია,  იგეგმება თუ არა ბადის შეკეთება ან რას აპირებს დეპარტამენტი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ორდღიანი ლოდინის შემდეგ  გვითხრეს, რომ სპეციალისტთა ჯგუფი აღნიშნულ მონაკვეთს მომდევნო კვირას შეისწავლის და არ არის გამორიცხული, რომ არსებული დაზიანებული  ბადეების დემონტაჟი განხორციელდეს.

„შესაბამის სამსახურებს დაევალა  აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა ,მომავალ კვირაში ადგილზე იქნება სპეციალისტთა ჯგუფი.  ისინი  შეისწავლიან რამდენად შესაძლებელია მოვლა-შენახვის კონტრაქტის ფარგლებში შევაკეთოთ აღნიშნული მონაკვეთი. თუ შესაძლებელი იქნება მისი შეკეთება შევაკეთებთ, თუ არა და დავგეგმავთ მის დემონტაჟს და აღნიშნულ მონაკვეთზე ბადეებს ხელახლა მოვაწყობთ“-გვითხრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელმა.

აღნიშნულ  ბადეებს  პრობლემა  კომპანიის  მიერ  სამუშაოების  დასრულებიდან რამდენიმე თვეშივე დაუფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი  მაუწყებელი  დაინტერესდა  რატომ ზიანდება დამცავი ბადეები ასე ხშირად და რამდენად ხარისხიანადაა შესრულებული თავის დროზე ჩატარებული სამუშაოები?

საავტომობილო გზების დეპარტმანეტში ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვთ. აქ გვითხრეს , რომ  ბადეებს ქვათაცვენა აზიანებს , რის გამოც ისინი ვეღარ უზრუნველყოფენ  მათი ფუნქციის შესრულებას, ამიტომ პერიოდულად საჭიროებენ შეკეთებას ან განახლებას.

კვარიათი-სარფის მონაკვეთზე,  კლდეზე სპეციალური დამცავი ბადეების მოწყობა 2017 წელს დასრულდა.  ამავე წელს, დიდი ლოდების ჩამოშლის შედეგად, ბადეებიც დაზიანდა. საგზაო დეპარტამენტმა მაშინ 300 ათას ლარზე მეტი გამოყო ბადეების აღსადგენად, თუმცა მათი აღდგენა არ მომხდარა.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში