ოჯახებს, რომლებიც სეზონური სესხების გადახდის ნაწილში დაზარალდნენ, სახელმწიფო გვერდით დაუდგება - თორნიკე რიჟვაძე

31 ივლისი 2019, 12:08 5805 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელმწიფო გვერდით დაუდგება იმ ოჯახებს, რომლებიც სეზონური სესხების გადახდის და დასაქმების ნაწილში დაზარალდნენ. 

თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ აგვისტოში მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება, თუმცა კონკრეტულად რა მთავრობის მეთაურს არ დაუზუსტებია. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონში ყველაზე წარმატებული ტურისტული სეზონი იქნებოდა, რომ არა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან, მუდმივი შტურმი და  ქაოსის შექმნის მცდელობა.

''მაისში და ივნისში ჩვენ აჭარაში პრაქტიკულად უკვე გვქონდა სეზონის პიკი. ამას მოწმობს ტურისტული ნაკადების დინამიკა, რომელიც იყო, როგორ აეროპორტების, ასევე საზღვრის კვეთის მიმართულებით. ​ივნისის თვეში საზღვრის კვეთის 38%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 41%-იანი ზრდა კი აეროპორტის მიმართულებით, რაც საბოლოოდ ჯამში მოწმობს, რომ ჩვენ გვექნებოდა ყველაზე წარმატებული ტურისტული სეზონი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ ამის პარალელურად მუდმივი შტურმი, არეულობა და ქაოსის შექმნის მცდელობა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან, რა თქმა უნდა გარკვეულ შედეგებს და ზიანს მიაყენებდა ამ წარმატებულ ტურისტულ სეზონს. ოპონენტები ცდილობენ ქვეყანა ამყოფონ საბოტაჟის რეჟიმში. 

ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, რომელიც გვქონდა. ამ მიმართულებით ცენტრალურ მთავრობასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ  ოჯახებს, რომლებიც სეზონური სესხების გადახდის და დასაქმების ნაწილში დაზარალდნენ, სახელმწიფო დაუდგეს გვერდით. აგვისტოში ვატარებთ კომპლექსურ ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს სიტუაციის გამოსწორებას. მიზნად ისახავს არსებული ნიშნულის შენარჩუნებას.

ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა ტურისტული სეზონი წარმატებით ჩატარდეს აჭარაში და არავის მივცეთ საშუალება მოახდინოს  მოქალაქეების, ოჯახების, მათი ეკონომიკური ინტერესების დაზიანება'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში