არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ ''რუსთავი 2''-ის სახელმწიფო არხად გადაკეთებაში - აქიმიძე-დვალის პასუხი ხალვაშს

01 აგვისტო 2019, 14:27 1476 ნახვა

''რუსთავი 2''-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე უარით პასუხობენ. ორი დღის წინ, ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა მათ წილის 40 პროცენტი შესთავაზა. ამბობენ, რომ რუსთავი 2-ის კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. 

''ხელისუფლებას არ გამოუვა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს ''რუსთავი 2''-ის უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის გადაცემა'' - წერია განცხადებაში რომელსაც აქიმიძე და დვალი ავრცელებენ. 

ისინი სამართლებრივ დავას აგრძელებენ.  

''2004 წელს ''ნაციონალური მოძრაობის'' მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს, სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული ქართული ოცნების ხელისუფლება. მივიჩნევთ რომ 30 ივლისს ჩვენთვის ''რუსთავი 2''-ის 40%-იანი წილის შემოთავაზებაც ამის ნათელი დასტურია. ამ ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ქმედებით გზა არ მისცა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელმაც დაზარალებულად გვცნო, თუმცა საქმე თაროზე შემოდო. ბოლოდროინდელი შემოთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანოს ხელი 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე და სამართლიანობის აღდგენის ილუზია შეუქმნას საზოგადოებას. ამ შემოთავაზებას წინ უძღოდა სახელმწიფოს სრული მობილიზება სხვადსხვა ფორმით. 

სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, ჩვენ არ ვაპირებთ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას ''რუსთავი 2''-ის კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში. ''ქართული ოცნება'' ამ საქციელით ისტორიაში შევა, როგორც რუსთავი 2-ის მიმტაცებელი უკვე მეორე ტელევიზია.

შესაბამისად, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს თაროზე შემოდებული, 2012 წელს დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის მისი დამფუძნებლებისთვის დაბრუნება.

ჩვენ განვაგრძობთ სამართლიან ბრძოლას, რათა „რუსთავი 2-მა“ დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების, თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში