"გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს"-არასამთავრობო ორგანიზაციები

09 აგვისტო 2019, 17:55 1792 ნახვა

​არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პროკურატურის მიერ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასათვის ბრალის წარდგენის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან.

არასამთავრობოები  არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით არ გამორიცხავენ, რომ ეს საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს.

„ამ ეტაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქმის სრული შეფასების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ საგამოძიებო ორგანოები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ ხელისუფლების ოპონენტებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვთ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასთან. სამართალდამაცავების ქმედებები, როგორც წესი, ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას ემთხვევა.

ცხადია, რომ პროკურატურა დაჩქარებულად და უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში მოქმედებს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მას ბრალი წინა თვეში შეტანილი განცხადების საფუძველზე უკვე წარედგენა მაშინ, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ბევრი საქმე, რომელთა დაკავშირებითაც გამოძიების მსგავსი ოპერატიულობა არ შეიმჩნევა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ პროკურატურის გააქტიურება ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ემთხვევა.

აღნიშნული გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ ეს საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას ისახავდეს.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, წარმოადგინოს კონკრეტული წონადი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იმოქმედოს კანონის და არა მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად.“-აღნიშნულია განცხადებაში, რომლესაც ხელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საფარი“, „საზოგადოება და ბანკები“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ინფორმაციის თავისუფლების  განვითარების ინსტიტუტი“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „მედიის განვითარების ფონდი“-აწერენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში