"რუსი სამხედროები ქართველების საკარმიდამო ნაკვეთებში მუშაობენ" - სოფელ გუგუტიანკარის მცხოვრებლები

15 აგვისტო 2019, 12:09 2153 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული  სამხედრო დანაყოფის წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს განაგრძობენ. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ბოძების გარდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ.

მათივე თქმით, სამხედროები  ქართველების საკარმიდამო ნაკვეთებში მუშაობენ.  რკინის ბოძებს მიღმა სავარაუდოდ დარჩება კიდევ  ორი ოჯახი, გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები.

აღნიშნულ ოჯახებს რუსმა სამხედროებმა საკუთარ სახლებში შესვლისა და ნივთების წამოღების შესაძლებლობა მისცეს. ადგილზე არიან ქართველი სამართალდამცველები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. 

"დილიდან ორჯერ იქნა ცხელი ხაზი გააქტიურებული" - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათი ინფორმაციით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე მიეწოდა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან დესტრუქციული და უკანონო ქმედებების შესახებ. 

"ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედება. აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დაყენებული," - უთხრეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სუს-ში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში