"სულ შიშის ქვეშ ვართ, ახლა ვაზში გავედით სამუშაოდ, მაღლიდან გვიყურებდნენ" - გატაცებული მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან

19 აგვისტო 2019, 11:27 1585 ნახვა

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ისინი შაბათს, 17 აგვისტოს გაიტაცეს და დააკავეს. 

ახალუბნის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ გატაცებები ხშირია და ე.წ. სასამართლოს შემდეგ დაკავებულებს 80 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

“ჩემს შვილს მამა ჰყავს გარდაცვლილი. მთელი უბნის ახალგაზრდები ავიდნენ სასაფლაოზე, შემდეგ ეკლესიაში გადავიდნენ სანთლების დასანთებად და როგორც გვითხრეს იქ მოხდა დაკავება. გორის მერმა გვითხრა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი შვილების დროულად გამოსაყვანადო. ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნებაო. სასამართლო შეიძლება დღეს იყოს და გამოუშვან კოდეცო. ჩემი შვილი პირველად გაიტაცეს, თუმცა ხშირია გატაცების შემთხვევები”, - განაცხადა იაკობ ვარდანაშვილის დედამ ელენე ვარდანაშვილმა.

ახალუბნის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ შიშში უწევს ცხოვრება, გამოსავალი შემქნილი მდგომარეობიდან კი მთავრობამ ვერ გამონახა.

“სულ შიშის ქვეშ ვართ. ახლა ვაზებში ვიყავი, მაღლიდან გვიყურებდნენ, თუ ჩამოვიდნენ ვინაა ჩემი პატრონი. 10 თვალით დავდივართ, შიშში ვცხოვრობთ. დავინახავთ სამხედროებს და გამოვრბივართ, არ წაგვიყვანონ გვეშინია. რა გვარი იყო ბიჭი რომ მოკლეს? ესაა ცხოვრება? დურბინდებით გვიყურებენ. ჩვენს მიწაზე ვართ, ეს ტყეც ჩვენია, მაგრამ დაისაკუთრეს და არ გვიშვებენ. ეს ბიჭები რომ ავიდნენ სალოცავზე, ჩვენი სალოცავია, მაგრამ დააკავეს და წაიყვანეს”, - განაცხადა ახალუბნის მცხოვრებმა ომარ თვაურმა.

ახალუბანში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება. გორის მერი ახალუბანში გუშინ იმყოფებოდა, დღეს კი მთავრობის წევრები ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მოსახლეობასთან არ გამოჩენილან. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში