"მე არ ვუკავშირებ ჩემს წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ნიკა გვარამიას ტელევიზიას" - ლაურა ღაჭავა 

21 აგვისტო 2019, 14:06 1959 ნახვა

 

დღეს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერეკლე კოდუას დედას, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას  სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტს. 

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია "მთავარი არხი" ლაურა ღაჭავას საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ შენობაში უნდა განთავსებულიყო. ლაურა ღაჭავა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამბობს, რომ მოლაპარაკებები იყო ნიკა გვარამიასთან, თუმცა თანხასა და ფართობზე ვერ შეთანხმდნენ.  

"რაც შეეხება "მთავარ არხთან" დაკავშირებით, ადრე განაცხადი მქონდა გაყიდვაზე უძრავი ქონების სააგენტოებთან რომ ვყიდდი ობიექტებს. ვყიდი, რადგანაც ყველაფერზე ყადაღა მიდევს და ბანკების ძალიან დიდი სესხი მაქვს. იძულებული ვიყავი, რომ რაღაც ქონება გამეყიდა. მერე იყო შეხვედრა ნიკა გვარამიასთან, მაგრამ ვერ შევთანხმდით თანხაში. იმან სხვა ობიექტი ნახა ალბათ, მე საქმის კურსში არა ვარ" - ამბობს ჟურნალისტებთან ლაურა ღაჭავა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მივიდა.   

ლაურა რაჭავას თქმით, ის ორი უძრავი ქონების გაყიდვას გეგმავდა, ერთი მდებარეობს აეროპორტში, მეორე კი დიღომში. აქედან ერთი 1200 კვადრატული მეტრია, მეორე კი 1600 კვადრარტული - "ნიკა გვარამიას კი უნდოდა 5000 კვადრატი" - ამბობს ერეკლე კოდუას დედა.  

"ამ საკითხს მე არ ვუკავშირებ ჩემს წინააღმდეგ აღძრულ საქმეს და არც პოლიტიკურს. გავეცნობი საქმის ვითარებას და მას შემდეგ გავაკეთებ განმარტებას. ჩემთვის არის გაუგებარი დღეს დაბარება, საქმის კურსში არ ვიყავი არაფრის. გეგმიური შემოწმება გვქონდა საგადასახადო და ფინანსური პოლიციის მხრიდან და ამბობენ, თითქოს გამოირკვა ყალბი დღგ-ს დოკუმენტით ნავთობის შემოტანის ფაქტი.   მე 2013 წლიდან ვსაქმიანობ, ახლა რა მოხდა არ ვიცი ასე უცებ. ყველა დოკუმენტი წესრიგში მაქვს და კანონიერად არის შედგენილი" - განაცხადა ღაჭავამ.  

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში