"რივიერაზე" 5 ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს საკრებულოზე ხვალ განიხილავენ

21 აგვისტო 2019, 18:02 3898 ნახვა

ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა, ხვალ საკრებულოს სხდომაზე უნდა გადაწყვიტონ, დაუმტკიცებენ თუ არა "სილქ როუდ ჯგუფის" შვილობილ კომპანიას "რივიერა ბათუმს"  განაშენიანების რეგულირების გეგმას. 

თანხმობის მიღების შემთხვევაში,  ბათუმის მერიისგან კომპანიას მხოლოდ არქიტეტურული ნაწილის შეთანხმება და ნებართვის მიღება დასჭირდება. 

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-7 საკიხს საკრებულოს  დეპუტატებს  ბათუმის  მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი - მირიან მეტრეველი წარუდგენს. 

ბათუმის კონცხი - რივიერა, ისტორიული ქალაქის შემადგენელი ნაწილია და საინიციატივო ჯგუფისა და საზოგადოება ბათომის მტკიცებით, მისი განაშენიანება ცათამბჯენებით არღვევს კანონს. ასევე, მიიჩნევენ რომ აღნიშნული პროექტი ძველ ბათუმს უკარგავს ისტორიულ იერსახეს და ისტორიული ქალაქის სანაპიროსთან კონტაქტს სრულად ახშობს. 

მეორე არგუმენტი კი ეკოლოგიურ საფრთხეებს ეხება - 800 მდე მოქალაქე და "ბათუმის დამცველები"  ეყრდნობიან მულტიდისციპლინარულ კვლევას, რომელიც გაეროს დაფინანსებით ჩატარდა და სადაც ნათქვამია, რომ კონცხზე მასშტაბური მშენებლობები საფრთხის შემცველია. „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა,“ - ამონარიდი კვლევიდან.

ბათუმის მერიას და "სილქ როუდ ჯგუფს" კი კონტრარგუმენტები აქვთ. "სილქ როუდ ჯგუფის" წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ იტალიურ კომპანიას დაუკვეთეს 100 000 ევროს ღირებულების  კვლევა, რომელიც ამ საფრთხეებს აბათილებს. იტალიელი სპეციალისტების მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, ზღვის სანაპიროზე 5 ცათამბრჯენის მშენებლობა საფრთხეს არ წარმოადგენს. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სწორედ ამ კვლევას ეყრდნობა და პროექტის განხორციელებაში პრობლემას ვერ ხედავს. 

"ბათუმი რივიერაში" ირწმუნებიან, რომ მყვინთავების ჩართულობით კონცხის წყლისქვეშა გამოკვლევაც მოხდა. სწორედ ამ ფაქტის გამო, "დაიცავი ბათუმის" წევრები კომპანიის წარმომადგენლებს სიცრუეში  ადანაშაულებენ.

ამბობენ, რომ "სილქ როუდ ჯგუფის" მიერვე დაკვეთილ იტალიელების კვლევის ინგლისურენოვან ვერსიაში, საფრთხეების შესახებ წერია. მყვინთავების დახმარებით კი კონცხი არავის შეუსწავლია, რადგან ისინი ქართველი სპეციალისტების კვლევებს დაეყრდნენ, რომლებიც 2018 წლის შემოდგომაზე ჩატარდა.  

რაც შეეხება ისტორიული ზონაში მშენებლობის საკითხს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე უკვე არის აგებული რამდენიმე მაღლივი კორპუსი. შესაბამისად, კანონს არ არღვევენ და პროექტის განხორციელება ყველა საკანონმდებლო ნორმაში ჯდება. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში