პრემიერ - მინისტრი   ოკუპაციასა  და  „რუსთავი 2“ - ზე   

21 აგვისტო 2019, 21:35 1600 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში ყოფნისას გააკეთა კომენტარი ქვეყნის პრემიერმა რუსთავი ორში განვითარებულ მოვლენებზე და გუგუტიანთკარში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესზე.

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა  ჟურნალისტებს შეკითხვაზე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში განვითარებულ მოვლენებს და „კურიერის“ გუნდის მიერ ტელეკომპანიის დატოვებას ეხებოდა.

ოპოზიციის ბრალდებებს, რომ „რუსთავის 2“-ის საქმეში ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ეს მოცემულობები ერთმანეთს არ უკავშირდება.

„ქართულ პოლიტიკაში ტრადიციად იქცა  დაუკავშირებელი გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაშიც იგივესთან გვაქვს საქმე. მე მსურს ვთქვა ყველაზე მთავარი, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება, რაც არის და ამავე დროს მომავალშიც აუცილებლად იქნება“, - განაცხადა ბახტაძემ. 

რაც შეეხება მცოცავ ოკუპაციას, მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ  მოკლე დროში ამ პროცესის შეჩერების ილუზია არ უნდა გქვონდეს.

„ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა და განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს. მსგავსი გამოწვევის დაძლევის ერთადერთი გზა არის ერის კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯებს: ბორდერიზაცია არის ოკუპაციის შედეგი, აქედან გამომდინარე, ოკუპაციასთან ბრძოლა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც მოითხოვს ჩვენი მხრიდან პრინციპულ რეფორმებს და სწორ და ეფექტურ სტრატეგიას. ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში საერთაშორისო მეგობრების, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას აქვს გადამწყვეტი როლი. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, იმისთვის რომ მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავის საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია. უნდა იყოს ერთსულოვნება და ერად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც გამყოფ ხაზთან ახლოს ცხოვრობს, ხელისუფლებას უკვე აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, გუშინ, გუგუტიანთკარში ყოფნისას კი დამატებითი ინფორმაცია მიიღო თუ რა სჭირდება ადგილობრივებს" - თქვა პრემიერ მინისტრმა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში