ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება - ლაშა დარსალია

30 აგვისტო 2019, 09:46 1575 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ამბობს, რომ ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება.

„ეს ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და ცალსახად ეს საკითხი  არც კი განიხილება”,-განაცხადა დარსალიამ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მიმდინარეობს მათი ინფორმირება, რათა გადაიდგას ვითარების დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯები.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ 30 აგვისტოს, 06:00 საათამდე ქართული პოსტის გაუქმება მოითხოვეს.

განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

გუშინ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩაიშალა. საქართველოს ხელისუფლების მიერ გახმოვანებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში